ემზარ კვიციანის “ინტელექტუალური მხარდამჭერი” სტრასბურგმა დაზარალებულად სცნო

2019 წლის 10 ოქტომბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“  გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა. საქმე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ეხება მომჩივან ირაკლი ბათიაშვილის უფლებების დარღვევას სისხლის სამართალწარმოებისას, რომელიც მის მიმართ 2006 წელს დაიწყო კოდორის ხეობაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების შესაძლო დახმარების გამო.

 

2006 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ საპოლიციო კონტროლი მოიპოვა კოდორის ხეობაზე, სადაც მოქმედებდა შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირე“. 2006 წლის ივლისში „მონადირის“ ხელმძღვანელ ემზარ კვიციანის სატელევიზიო მიმართვის შედეგად დაიწყო გამოძიება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 223-ე (უკანონო ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლების საფუძველზე.

როგორც ირკვევა,სატელევიზიო კომპანია „რუსთავი 2“-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ორ ადამიანს შორის საუბარი დამონტაჟებული ფორმით მიაწოდა. დამონტაჟებულ ვერსიაში, რომელიც მოცემულმა არხმა გაავრცელა, ბათიაშვილი და ემზარ კვიციანი მსჯელობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ სთავაზობდა ემზარ კვიციანს აფხაზ სეპარატისტთა ჯგუფი დახმარებას. იმავე ჩანაწერის ის მონაკვეთი კი, სადაც ემზარ კვიციანი ამბობდა, რომ აფხაზებს დახმარებაზე უარი უთხრა, ამოიჭრა და ტელეარხმა არ გაავრცელა. აღნიშნული დამონტაჟებული სატელეფონო საუბარი, სხვებს შორის, საფუძვლად დაედო ირაკლი ბათიაშვილისთვის 4-თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას. ეს ყოველივე მიზანმიმართული ქმედება იყო ირაკლი ბათიაშვილის დამნაშავეობის დასამტკიცებლად.

საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები არ დარღვეულა, ხოლო საჩივრის დანარჩენი ნაწილი მიუღებლად გამოცხადდა.