მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“, რომელიც 20 ივნისს თბილისში დაწყებული საპროტესტო აქცების შედეგად ჩამოყალიბდა, რეგიონებში გასვლას იწყებს.
მოძრაობა არც ახლა ერიდება პროვოკაციული განცხადებების გაკეთებას: „20 ივნისს, საქართველოს მთავრობამ სიხარულით უმასპინძლა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დასვა რუსი კომუნისტი დეპუტატი – სერგეი გავრილოვი. ოკუპანტის ეს პატივით დახვედრა იმავე დღეს ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. მთავრობამ, რომელიც ოკუპანტს მშვიდობით ეგებება, თავისივე მშვიდობიან დემონსტრანტებს ცხოველებისთვის განკუთვნილი რეზინის ტყვიები დაუშინა“, – ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.
მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებმა დააფუძნეს.მათი უმთავრესი მიზანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის“ დასრულებაა.
„ჩვენ თბილისსა და რეგიონებში შევქმნით და გავაძლიერებთ აქტივისტთა ჯგუფებს, რომლებიც მოსვენებას არ მისცემენ ივანიშვილის მსახურებს“, – ნათქვამია მანიფესტში.