როგორ შეიძლება, ქვეყანა გებაროთ და არ ამბობდეთ დილიდან საღამომდე, რომ თქვენი პოლიტიკის მთავარი მიზანი აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებაა?“ – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, მთავრობის წარმომადგენლებისთვის მიმართვისას განაცხადა.
ვრცელ ვიდეომიმართვაში ვასაძემ მთავრობის წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოში ყველაფერი ტრადიციულ და კონსერვატიულ რელსებზეა გადასაყვანი და ლიბერალიზმი ქვეყანაში ასაკრძალი იდეოლოგიაა.
„ყველაფერი, რაც ჩვენ გვაქვს, – სასოფლო-სამეურნეო სტრატეგიაზე გვისაუბრია, საგანმანათლებლოზე, სამხედროზე, – გადასაყვანია საჩქაროდ ეროვნულ-კონსერვატიულ ლიანდაგებზე. დარწმუნებული ვარ, თავისუფლად შეგიძლიათ დასაჯოთ ის პროვოკაციული ელემენტები, რომლებიც ობსტრუქციას უწყობენ ჩვენს სახელმწიფოს ამ ასაკრძალი ლიბერალური იდეოლოგიით. როგორც მარქსიზმი და ფაშიზმია აკრძალული, ზუსტად ასე უნდა აიკრძალოს ჩვენს ქვეყანაში ლიბერალიზმი და იყოს გამოცხადებული მარგინალურ იდეოლოგიად, რომელიც დაუშვებელია. პრინციპში, ხალხში ასეც არის, მაგრამ ხალხი გელოდებათ თქვენ, ჩვენს პოლიტიკოსებს და ყველანაირად დაგიჭერთ მხარს, რამდენადაც არ უნდა იჭიჭყინონ მომაკვდავი ლიბერალიზმის წარმომადგენელმა უცხოელმა ელჩებმა. თქვენ ახლა დაგრჩათ ძალიან ცოტა დრო, ზოგიერთ თქვენგანთან მისაუბრია, მათ შორის ბიძინასთან და ვხედავ, რომ ძალიან ნელა ირჯებით ამ ეროვნული ტრადიციული მიმართულებით, კარგავთ უამრავ დროს ამ ლაქუცზე, უბრალოდ, ნაგავში გადასაყრელი იდეოლოგიის გამტარებლებთან“, – აღნიშნა ვასაძემ.
მანვე მოუწოდა ხელისუფლებას, აიღონ ხელში ქვეყნის მართვის სადავეები, მიხედონ ეკონომიკას და ხალხის დასაქმებას.
„რაც მთავარია, მიხედეთ ეროვნულ იდეოლოგიას, ურომლისოდაც არ გექნებათ არაფერი. და ყველაზე მთავარი, შეიძლება, ოკუპირებული ქვეყნის პოლიტიკოსები იყოთ და წლები ისე გადიოდეს, რომ ერთ კრინტს არ ძრავდეთ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების შესახებ? როგორ შეიძლება, ქვეყანა გებაროთ და არ ამბობდეთ დილიდან საღამომდე, რომ თქვენი პოლიტიკის მთავარი მიზანი აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებაა? და თუ როგორ, ეს მეორე საკითხია. ომისთვის, რუსეთს ჩვენ ვერ მოვერევით, მაგრამ სულ სხვა სამხედრო პოლიტიკაა საწარმოებელი, სხვა ჯარი, მობილიზაცია, ორიენტაცია, ჩვენი ქვეყნის შეკვრა ერთ მუშტად და ამავე დროს, დიპლომატია და პირდაპირი საუბარი ყოველგვარი ამ შუამავლების გარეშე“, – განაცხადა ვიდეომიმართვაში ლევან ვასაძემ.
მანვე ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ აღებულ კურსზე და აღნიშნა, რომ საქართველო უნდა წავიდეს კურსით, რომელიც უნდა იყოს პოლუსთაშორისი ლავირების კურსი, „თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ“.
„თუ გვინდა, რომ დავიღუპოთ, ნებისმიერ ამ ერთ დიდ პოლუსზე უნდა დავდოთ ფსონი და მაშინ ნამდვილად დავიღუპებით. ჩვენთვის სრულიად მიუღებელი და დამღუპველია ერთ-ერთი პოლუსის მონად, გოშიად ყოფნა მეორე პოლუსის საწინააღმდეგოდ. როცა ამას ვამბობ, მდებენ ბრალს პრორუსულობაში და სრულიად უსაფუძვლო, გამოგონილ, შეთითხნილ ბრალდებებს ისვრიან ჩემ მიმართ. მე მრავალი წელია ამას მიჩვეული ვარ, უბრალოდ დღეს მინდოდა, შემეჯამებინა ჩემი შთაბეჭდილებები მთელი მსოფლიოდან და მიმემართა ჩვენი საზოგადოებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, ხელმძღვანელებისა და სახელმწიფოსთვის – მოდის დრო, როდესაც დამარცხებული პატარა ერის ერთმანეთის ღრენა და კბენა მეორე პლანზე უნდა გადავიდეს. ჩვენ ერთი ნიშნულით აუცილებლად უნდა მოვახერხოთ გაერთიანება და სულ სხვა პოლიტიკის წაყვანა. ეს ნიშნული უნდა იყოს საქართველო, ჩვენი სამშობლო და ტრადიციები“, – აღნიშნა ვასაძემ