საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრი ემზარ კვიციანი ირაკლი ბათიაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ მოითხოვა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც გამოიძიებს ვინ არის დამნაშავე და ვინ – არა.
“მინდა შევეხო ბათიაშვილის თემას. სტრასბურგმა გაამართლა ირაკლი ბათიაშვილი, ე.ი. პარალელურად მეც გამამართლა, იმიტომ რომ ბათიაშვილი სწორედ, ჩემთან საუბრის გამო იყო ციხეში. მისჯილი ჰქონდა 7 წელი და მოიხადა 2 წელი. გაყალბებული, დამონტაჟებული საუბარი. სტრასბურგმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ 2006-2008 წლებში იყო კოლექტიური ღალატი ხელისუფლების, მასმედიის მხრიდან. არავის არ უნდა გამოძიება. რამდენი ხანია ვითხოვ, შეიქმნას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია და გამოვიძოთ, ვინ არის დამნაშავე და ვინ-არა. ამის გაკეთება არ გინდათ და ამიტომ არის ეს აღვირახსნილობა, რასაც ჩვენ აქ ვუყურებთ ბოკერიას მხრიდან”-განაცხადა ემზარ კვიციანმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე და აქცენტი გააკეთა სამეგრელო-ზედა სვანეთის ორი რუსულ საგუშაგოზე, რომელსაც შექმნილი ჰონდა ბუფერული ზონა და, სადაც შეიარაღებული ხალხი არ უნდა გაეტარებინა
“თუ დაკვირვებიხართ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის მიმართულებით ორი რუსული საგუშაგო იდგა და შექმნილი იყო ბუფერული ზონა. რატომ იდგნენ ისინი იქ? იმიტომ, რომ შეიარაღებული ხალხი არ უნდა გაეტარებინათ, არც კოდორის მიმართულებით და საერთოდ. რატომ გამოატარეს ბოკერია, სააკაშვილი და მაგათი ბანდა რუსებმა, თუ რუსები ჩემ მხარეზე იყვნენ. კარგი, მე ცუდი კაცი ვარ, გავწიოთ გვერდზე ემზარ კვიციანი. 2008-ში რატომ ჩააბარეთ უბრძოლველად ტერიტორიები? ოხანაშვილს ვუსმინე და ასე თქვა, სტრასბურგმა წერტილი დაუსვა “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებებსო… თქვენ რატომ არ გინდათ წერტილი დაუსვათ? რატომ არ გინდათ, წერტილი დაუსვათ იმ უმსგავსობას, რაც ამ პარლამენტში ხდება? დამნაშავეები წამოგვაჯინეთ თავზე” -განაცხადა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
როგორც ცნობილია, 2019 წლის 10 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.