უკვე ერთი წელია, ეკოლოგიურმა ორგანიზაციებმა თბილისის მერია გააფრთხილეს, რომ თბილისის ზღვა, საიდანაც ქალაქის მოსახლეობის ნაწილი სასმელ წყალს ღებულობს, ბინძურდება ფეკალური მასით.
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს, კალაძემ, ბოლოსდაბოლოს, აღიარა პრობლემის არსებობა და მისი მოგვარება მოითხოვა.
“ძალიან მძიმეა ის რეალობა, რასთანაც გვაქვს საქმე. თუმცა, ეს არის შედეგი, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა ჩვენს ქალაქში. მხედველობაში მაქვს არასწორი და ქაოტური განაშენიანება. განაშენიანება ხდებოდა იქ, სადაც არ უნდა მომხდარიყო. არანაირი პროექტები არ იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იყოს მოწესრიგებული საკანალიზაციო ქსელი, როგორ უნდა იყოს სანიაღვრე სისტემა. ეს ყველაფერი ერთმანეთში აღრეული იყო. შესაბამისად, შედეგი გვაქვს სახეზე და ბევრი მუშაობა მოგვიწევს ყველას. აქტიური კომუნიკაცია მოგვიწევს ადგილობრივ მცხოვრებლებთან, ვინც უშუალოდ იქ ცხოვრობს და მათი მხრიდან წარმოქმნილი პრობლემებია ეს ყველაფერი. თვითონაც უნდა იყვნენ დაინტერესებულნი იმაში, რომ ეს არის თბილისის ზღვა, რომლის ნაწილიც გამოიყენება სასმელ წყლად”,- განაცხადა ქალაქის მერმა.
მან, ამასთან, აღნიშნა, რომ მოსახლეობას დაბინძურებული წყალი არ მიეწოდება და ვითარება კონტროლს ქვეშ არის მოქცეული.
თავის მხრივ, ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც სამუშაოებს მეთვალყურეობს.
“გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე ვთქვით, რომ ვიწყებდით ფიზიკურ სამუშაოებს. პირველივე დღესვე
მიხდა ერთი კონკრეტული გამოვლინება, რომელიც სავარაუდოდ იყო მასშტაბური ჩაედინება. მას მოყვა მყისიერი რეაგირება, აღმოიფხვრა დარღვევა, გამოიწერა სამართლებრივი აქტი და ჯარიმა კონკრეტულ იურიდიული პირისთვის. შეგნებულად არ ვასახელებ მას. მასალები მოკვლევის ფარგლებში რაც შევადგინეთ, გადაგზავნილია გარემოს დაცვის სამინისტროში, რომელმაც უნდა დაითვალოს გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა და საკმაოდ სოლიდური სანქცია უნდა დაეკისროს ამ იურიდიულ პირს.
ჩვენ ერთობლივი ინსპექტირების ჯგუფი შევქმენით და მასში შედიან მუნიციპალური ინსპექციის, GWP-ის და თბილსერვისის წარმომადგენლები, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს ინსპექციაც მონაწილეობს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რა ჩადინებებიც არის თბილისის ზღვაში ყველას მოკვლევა მიმდინარეობს. ტექნიკაც მუშაობს. ყველა გაკოვლინებაზე იქნება მყისიერი და საკმაოდ მკაცრი რეაგირება, ამას მოყვება გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან რეაგირებაც. ასევე კომუნიკაცია მოგვიწევს კერძო მესაკუთრეებთან, რადგან მათ ტერიტორიაზეც მოგვიწევს გათხრითი სამუშაოები თუმცა ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი დარღვევა არცერთ ნაბიჯს უკან არ დავიხევთ. გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს რომელიც საჭირო იქნება დარღვევის გამოსავლენად”,- განაცხადა ხმალაძემ.