„თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელის, მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პასუხობს.
როგორც არჩილ მესტვირიშვილი აცხადებს, „თიბისი ბანკის“ მიერ შეძენილი იყო „პროგრეს ბანკის“ აქტივების დაახლოებით, 95% და ვალდებულებების თითქმის 100 %.
რაც შეეხება „პროგრესბანკის“ ტრანზაქციების შესახებ დოკუმენტს, მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის.
„საქმის დეტალებში ვერ შევალ, რადგან საზედამხედველო ღონისძიებები კონფიდენციალურია. რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ „თიბისი ბანკის“ მიერ შეძენილი იყო აქტივების დაახლოებით, 95% და ვალდებულებების თითქმის 100 %. რაც შეეხება გუშინ სიუჟეტში გასულ დოკუმენტს, ეროვნულ ბანკში ეს დოკუმენტი ვერ მოვიძიეთ და მივმართეთ „თიბისი ბანკს“, თუ არსებობს მართლაც ასეთი დოკუმენტი, გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს და გვაცნობოს ჩვენც. როდესაც გვექნება დოკუმენტი, ვნახავთ იქ რაზეა საუბარი. დოკუმენტის შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ იყო და არც ამჟამად არის ცნობილი, ამიტომ ვთხოვეთ „თიბისი ბანკს“ დოკუმენტის წარმოდგენა“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.
მესტვირიშვილის თქმით, უნდა დაიწყოს თუ არა დოკუმენტზე გამოძიება, დამოკიდებულია იმაზე, რა წერია მასში.
„ეს დამოკიდებულია იმაზე, დოკუმენტი რას მოიცავს. ვინც არის დამნაშავე, ის იქნება პასუხისმგებელიც, თუ ასეთი არსებობს. მეკითხებით ისეთ საკითხზე, რაზეც ინფორმაცია არ მაქვს. როდესაც დოკუმენტი გვექნება, გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს ჩვენი მანდატის ფარგლებში“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.
კითხვაზე, რამდენად „აქრობს“ ეროვნული ბანკი ასეთ ინფორმაციებს, მესტვირიშვილი პასუხობს: „ეს რიტორიკული კითხვაა, ასეთი რამ ბუნებაში არ მომხდარა, ვერ მოხდება, ეს შეუძლებელია“.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „პროგრესბანკი“ „თიბისი ბანკს“ არ შეუძენია, „თიბისი ბანკმა“ შეიძინა რამდენიმე ჯანსაღი აქტივი, დანარჩენი, თავის ბანკიანად, ეროვნულმა ბანკმა ძალიან ოპერატიულად გააქრო რადარებიდან“. მისივე თქმით, ეს საკითხი უნდა იყოს გამოძიების საგანი.
ამასთან, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ სანამ „პროგრეს ბანკის“ ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მათ უცხოურ ორგანიზაციას დაუკვეთეს აუდიტი, რომელმაც „პროგრეს ბანკში“ „კრიტიკულად არასასრუველი მდგომარეობა“ დააფიქსირა. მეტიც, ხაზარაძის თქმით, „გაუჩნდათ ეჭვი, რომ ეს იყო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები”