ლილუაშვილი და ბირთვულ-რადიოაქტიური საფრთხეები

დღეს, პარლამენტში, გრიგოლ ლილუაშვილმა ისაუბრა ბირთვული და რადიოაქტიური ინციდენტების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს საერთაშორისო პარტნიორებთან.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას“, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

„ამასთან, სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მუდმივად მიმდინარეობს საზღვრის მართვის სისტემების უზრუნველყოფა და არსებული სისტემებისთვის ახალი ფუნქციების დამატება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ბირთვულ და რადიოაქტიურ ინციდენტებზე რეაგირების დროს. თანამშრომლობის ფარგლებში სამსახურის მიერ ინიცირებული და მხარდაჭერილია მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტები. მჭიდრო ვთანამშრომლობთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს დონორებთან კოორდინაცია და ერთიანი მიდგომის საფუძველზე მოხდეს ეროვნულ დონეზე ქვეყნის შესაძლებლობების ამაღლება.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს. სამსახურის კოორდინაციით იგეგმება ქბრბ საფრთხეების შემცირების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განახლება“, – განაცხადა ლილუშვილმა