სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძვანელის ლევან კარანაძის თქმით, რუსეთის ავიაციის ფედერალური სააგენტოს (როსავიაცია) მიერ “სიბირის” ავიახაზებზე გაცემული დოკუმენტაცია ფრენების ნებართვას არ ნიშნავს.
საუბარია როსავიაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც, ავიაკომპანიამ მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით ფრენებზე დაშვება მოიპოვა.
“ეს ინფორმაცია გავრცელდა და ჩვენც გადავამოწმეთ.. ალბათ უნდა დავაზუსტოთ, რომ ეს არ იყო ფრენების ნებართვა ამ კონკრეტულ კომპანიაზე. როგორც ჩანს რუსეთის საავიაციო ხელისუფლებამ ე.წ დანიშვნის პროცესი დაიწყო. ნაცვლად ავიაკომპანია “გლობუსისა” სიბირის ავიახაზები დაინიშნა. ეს პოზიტიური სიგნალია, თუმცა ფრენების აღდგენას არ ნიშნავს,”- ამბობს კარანაძე.
რუსულმა სააგენტომ Lenta.ru-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთ-საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა აღდგა. როგორც გამოცემა წერდა ავიაკომპანია “სიბირმა” მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით ფრენების უფლება მოიპოვა.