სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის ფონზე, რომლის შედეგადაც „ისლამური სახელმწიფოს“ დაახლოებით 800 ტერორისტი სირიული ციხეებიდან გაიქცა, ამ დროს კი თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ევროკავშირს საზღვრის გახსნითა და ლტოლვილების ევროპისკენ გამოშვებით ემუქრება, გერმანიის საპარლამენტო პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ (AfD) ითხოვს, რომ გერმანიამ დაკეტოს თავისი საზღვრები.
„ამ შემთხვევაში ჩვენთვის სულერთი იქნება, გახსნის ერდოღანი ლტოლვილთა ბანაკებს თუ არა“ – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
გარდა ამისა, „ალტერნატივა“ ითხოვს, რომ გერმანიამ შეწყვიტოს ერდოღანის თურქეთის მხარდაჭერა ნებისმიერი სახით. ამასთან, ოპოზიციური პარტია შიშობს, რომ შესაძლოა, ერდოღანის ავანტიურამ კონფლიქტში ნატოს ჩათრევა გამოიწვიოს, რაც დაუშვებლად მიაჩნია.