საფრანგეთი სირიის გარშემო პუტინთან დიალოგს ემხრობა

საფრანგეთის ხელისუფლება მომართული უნდა იყოს რუსეთთან დიალოგზე, სირიის ჩრდილოეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ვინაიდან პარიზსა და მოსკოვს აქ აქვთ ერთობლივი ინტერესები – ოთხშაბათს ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა.

ტელეკომპანია BFM TV-სთან საუბარში მან აღნიშნა, რომ მოცემულ ვითარებაში პრეზიდენტ პუტინთან დიალოგი გარდაუვალია. ჟურნალისტის შეკითხვას, უნდა აწარმოოს თუ არა საფრანგეთმა მოლაპარაკებები უშუალოდ დამასკოსთან, მინისტრმა უპასუხა: “რუსეთთან”.

მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთის ძირითადი ამოცანა სირიაში არის “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტული დაჯგუფების გაძლიერების არდაშვება. “სირიის დანარჩენ ტერიტორიაზე რუსეთი იმას აკეთებს, რასაც თავად მიიჩნევს საჭიროდ. მაგრამ ჩემი ძირითადი პრობლემაა ე. წ. ისლამური სახელმწიფო” – თქვა ლე დრიანმა.

ამჟამად თურქეთის არმია სირიის ჩრდილოეთში აწარმოებს ქურთი სამხედრო ფორმირებების წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციას.

დღეს, 16 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სირიელმა სამხედროებმა თურქეთის არმიასთან თანამშრომლობაზე უნდა მოილაპარაკონ, მინისტრის თქმით, მოსკოვი მზად არის, ამ დიალოგში დახმარების გასაწევად.