„გზააბნეული“ ამერიკელი დიპლომატები რუსებმა მატარებლიდან მოხსნეს

აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა 14 ოქტომბრის საღამოს, თუმცა იგი 16 ოქტომბერს გახმაურდა. საქმე ეხება რუსეთის ჩრდილოეთში მივლინებით გამგზავრებულ სამ ამერიკელ დიპლომატს (აშშ საელჩოს სამხედრო ატაშეებს), რომელთა ვიზიტი რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებთან შეთანხმებული იყო.

მიუხედავად ამისა, რუსებმა ამერიკელი დიპლომატები ქალაქ სევეროდვინსკში დააკავეს და საბუთების შემოწმების შემდეგ უკან გამოაბრუნეს. როგორც ჩანს, ამერიკელების მხრიდან ადგილი ჰქონდა მზვერავობის ფუნქციის შეთავსებას, ვინაიდან სევეროდვინსკი უცხოელებისთვის დახურული ქალაქია, ამ რეგიონში რუსი სამხედროები სარაკეტო ცდებს ატარებენ, ამერიკელ დიპლომატებს კი სამივლინებო ფურცლები ქ. არხანგელსკზე ჰქონდათ გამოწერილი.

„როგორც ჩანს, ამერიკელ დიპლომატებს გზა აერიათ. მზად ვართ, ამერიკის საელჩოს საჩუქრად გადავცეთ რუსეთის რუკა“ – ირონიით არის აღნიშნული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.