დღეიდან კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით, 25%-მდე შემცირდება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ბრძანებაშია აღნიშნული.
აღნიშნული ცვლილების შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი დამატებით დაახლოებით 700 მილიონი დოლარის უცხოური ვალუტის სესხების გაცემას და უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირდებას ელოდება. გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი კი ლარის გაუფასურების ინფლაციაზე გავლენა გახდა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება 1 ოქტომბერს დააანონსა. „ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, რას გულისხმობდა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, რომ ეროვნული ბანკი დამატებითი ზომების მიღებას გეგმავდა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები შემცირდება, რაც გაცვლითი კურსის დასტაბილურებას და ინფლაციაზე ზეწოლის მოხსნას შეუწყობს ხელს.