პანკისის ვაჰაბიტების/სალაფიტების ერთ-ერთი ლიდერი, “მუსა პანკისელი“, ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას ხეობაში ახალი ჰესის მშენებლობის გეგმების შესახებ და სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” წერს:
“ვერ გამიგია რატომ აქვთ ამ ხალხს ჩვენს მიმართ ასეთი დამოკიდებულება?
თითქოს აზრზე არ ვიყოთ ჩვენს თავს რა ხდებოდეს და სადღაც ქვევრში ვისხდეთ!
ჩვენ ზუსტადაც რომ ვიცით ჩვენს თავს რაც ხდება და რა წისქვილის ქვაც ტრიალებს ამ ერთი მუჭა ხალხის თავზე.
ეს განცხადება არის ერთგვარი ტესტი, რომელიც ხალხის განწყობას ამოწმებს.
მეორეც, იძახიან იწყებენ მშენებლობას და რა სახის მშენებლობას იწყებთ მოსახლეობას არ აცნობთ?!
P. S აგერ დაინიშნა გომელაური შ.ს.ს მინისტრად და ალბათ “ტანკებს” შეიყვანეს დაპირებისამებრ!!!”
“მუსა პანკისელმა” სხვა პანკისელებიც აიყოლია. ისინი წინასწარ გამოთქვამენ პროტესტს, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ჰეს “ხადორი 3”-ისგან განსხვავებით (რომლის მშენებლობასაც პოლიციასთან პანკისელების შეტაკება მოჰყვა), ახალი ჰესის მშენებლობა დასახლებული ადგილებიდან მოშორებით, 15 კილომეტრის მანძილზე იგეგმება.