ოდესღაც გავლენიანი დიპლომატი მეთიუ ბრაიზა, რომელიც ამას წინათ თბილისში გამართული სკანდალური კონფერენციის მონაწილე იყო, სადაც საქართველოს ფაქტობრივი დაშლის სანაცვლოდ მისი ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობები განიხილებოდა, არ ცხრება. “ჯორჯია თუდეისთან” ინტერვიუში იგი ამბობს, რომ რასმუსენის მიერ გაჟღერებული იდეა, ნატოს წესდების ყბადაღებული მე-5 პუნქტი კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ, არ გავრცელდეს საქართველოს მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთსა და ცხინვალზე, სავსებით მისაღებია.
“ეს არ არის უპრეცედენტო, კვიპროსზე მსგავსი რამ მოხდა: ევროკავშირმა თავის რიგებში მიიღო მთელი კუნძული, მაგრამ თავისი კანონების მოქმედება შეაჩერა მის ჩრდილოეთ ნაწილში. იურიდიულად მთელი კუნძული ევროკავშირის ნაწილია. ჩვენ ამასვე ვამბობთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. ტექნიკურად და იურიდიულად ჩვენ შეგვიძლია, ეს ტერიტორიები ნატოს ნაწილად განვიხილოთ, მაგრამ მე-5 მუხლის მოქმედება მათზე შეჩერებული იქნება”.
ბრაიზა ასევე ვარაუდობს, რომ თუკი გამოცხადდება საქართველოს წევრობა ნატოში, რუსეთი ძალას არ გამოიყენებს და პირიქით, უკან დაიხევს.
ყოფილი დიპლომატი, ამჟამად ანტირუსული პროექტების ლობისტი ბრაიზა ასევე მიიჩნევს, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე უნდა გამოცხადებულიყო საქართველოს წევრობის კონკრეტული გეგმა, ნაცვლად ბუნდოვანი დაპირებებისა. მისი ინფორმაციით, აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტ ბუშს ეს ასე სურდა კიდეც, მაგრამ ეს განზრახვა თითქოს გერმანიის კანცლერმა მერკელმა დაბლოკა.
ამერიკული პროპაგანდა პირველად არ აბრალებს გერმანიას საქართველოს ნატოში დაბლოკვას. ვღებულობთ “კარგი და ცუდი პოლიციელის” ეფექტს, “კარგი”, რა თქმა უნდა, ამერიკაა, ყველაფერი ცუდი კი გერმანიაა (რა თქმა უნდა, რუსეთის შემდეგ).