FB: ადვოკატი ლაშა გოლუბიანი “ქართული ოცნების” “რუხ კარდინალად” ცნობილ ლაშა ნაცვლიშვილს პასუხობს

როგორც ცნობილია, “ქართული ოცნების” კონსულტანტმა, ამ პარტიაში ძალზე გავლენიანმა ფიგურამ, ლაშა ნაცვლიშვილმა, გამოააშკარავა ე. წ. “კოჰაბიტაციის” არსი, რომელიც დასავლეთის დაკვეთა იყო და გაამართლა ეს მოვლენა. ნაცვლიშვილის აზრით, მთავარი იყო “დემოკრატიის კონსოლიდაცია”, ნაცვლად იმისა, რომ “ვიგინდარა ბოკერია” კანონის ძალით დაესაჯათ.

“ქართული ოცნების” ორმაგ სტანდარტებს და პირადად ლაშა ნაცვლიშვილს თავის “ფეისბუკ”-გვერდიდან უპასუხა იურისტმა, ადვოკატმა ლაშა გოლუბიანმა (რომელიც წარსულში, როდესაც “ქართულ ოცნებას” ძველი ხელისუფლება სდევნიდა, ამ პარტიის წევრი და ადვოკატი იყო):

“თავს ვიკავებდი, რომ ამ აღიარებაზე კომენტარი გამეკეთებინა. უბრალოდ ძნელია აღშფოთება დამალო… ეს არის ხალხის იგნორირება, ნაცვლიშვილი აღიარებს, რომ იმ ნაციონალებს, ვინც პარლამენტშია, უკლებლივ ყველას ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი, ამის შესახებ ინფორმაციას ფლობდა პროკურატურა, მაგრამ არ აღასრულეს კანონი და არ დასაჯეს დამნაშავეები – ამას სამართლებრივად დანაშაულის დაფარვა ქვია. ამას ემატება ის, რომ ამ დამნაშავეებთან კოჰაბიტაცია გამართეს, ეს უარესი დანაშაულია!

უფრო მეტიც, ერის ღალატია! ნაცვლიშვილი აღიარებს, რომ პოლიტიკური ოპოზიციის გადარჩენა იყო “ოცნების” აბსოლუტური მისია… ანუ “ოცნებამ” გადაარჩინა “ნაცმოძრაობა”, მოახდინა მათი რეაბილიტაცია, დანაშაულებებზე თვალი დახუჭა და ამ კრიმინალების ხელში ჩააგდო ძალიან ბევრი საპასუხისმგებლო თანამდებობა. ამ ყველაფერს დემოკრატიის სახელით ვერ შენიღბავთ! ეს დანაშაულია! ზღვარს ავლებს კანონი და არა რომელიმე პარტია! ადამიანმა თუ კანონი დაარღვია, ის უნდა დაისაჯოს! ვინც არ უნდა იყოს ის, ოპოზიციონერი, პარლამენტარი, მინისტრი თუ პრეზიდენტი! ეს არის შერჩევითი სამართალი, ეს არის უსამართლობა. თქვენ სამართლებრივი სახელმწიფო მოშალეთ, ხალხში ნიჰილიზმი და უსამართლობის განცდა გააჩინეთ! თქვენ შეეკარით დამნაშავეებს, ამას ვერანაირი არგუმენტით ვერ შენიღბავთ, არანაირი გამართლება ამას არ აქვს, ეს არაა დემოკრატია, ეს უმძიმესი დანაშაულია!!!


წაიკითხეთ ლაშა ნაცვლიშვილის ინტერვიუდან ამონარიდი და არა მგონია, თქვენ სხვა განცდა გაგიჩნდეთ. 
ეს არის სამარცხვინო განცხადება! ერთი, რომ ხალხის ნების საწინააღმდეგო განცხადებაა, მეორე ის, რომ ერთგვარი აღიარებაა დანაშაულის დაფარვის! (ლაშა, იურისტი კაცი ხარ და გეცოდინება). თუ გგონიათ, რომ ერთგვარ ინდულგენციას იკეთებთ, რომ შემდგომმა ხელისუფლებამ არ დაგსაჯოთ, ცდებით! სადაც არაა სამართალი, იქ ქაოსია! თქვენ დემოკრატია კი არა, ქაოსი დაამკვიდრეთ ქვეყანაში!

კანონის წინაშე რომ ყველა თანასწორია იცი ხომ? შენ და შენნაირები რა უფლებით ავლებთ ზღვარს? კანონზე მაღლა დგახართ? შენი ლოგიკით ყველა ყაჩაღი და კრიმინალი გამოვუშვათ მაშინ ციხიდან, რა დააშავეს მათ ბოკერიაზე და ხალხის გამაუპატიურებლებზე მეტი?!” – წერს გოლუბიანი ნაცვლიშვილის მისამართით.