გერმანიის საჰაერო-სამხედრო ძალები ნატოს საიდუმლო სწავლებებში მონაწილეობენ. ამ სწავლებათა ფარგლებში დაგეგმილია ატომური ომის დაწყების სცენარის შემუშავებაც.
ინფორმაცია ცნობილი გახდა გერმანიის უმსხვილესი საინფორმაციო სააგენტოსათვის – DPA 18 ოქტომბერს. სააგენტო საკუთარ წყაროებს ეყრდნობა.
კვირის დასაწყისში ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა წამოიწყო მანევრები სახელწოდებით Steadfast Noon. წვრთნებში მონაწილეობენ სამხედრო თვითმფრინავები, რომელთაც ბირთვული იარაღის ტრანსპორტირება შეუძლიათ. წვრთნებს გადიან ბიუხელში განლაგებული “ტორნადოს” ტიპის გამანადგურებლები. ბიუხელის ბაზაზე ჯერ კიდევ დარჩა 20 ამერიკული B61 ტიპის ბირთვული ქობინა.
ნატო ცდილობს, მოახდინოს თავისი წევრების პოლიტიკური და სამხედრო კონსოლიდაცია. თუმცა ამ მხრივ ვითარება არც თუ ისე სახარბიელოა. როგორც მასმედია იუწყებოდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა კოლეგებს მოუწოდა, დაფიქრდნენ ალიანსის მოღვაწეობის თაობაზე. მან გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ სირიიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ სოციალური ქსელების საშუალებით შეიტყო, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ნატოს სრულუფლებიანი წევრია.