ბრიტანელი ავტორები: გრიგორი რასპუტინი ბრიტანელმა მზვერავმა მოკლა

ქარიზმატული და ლეგენდებით მოცული გრიგორი რასპუტინი, რომელმაც რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის კარზე უდიდესი გავლენა მოიპოვა, სიცოცხლეს გამოასალმეს 1916 წლის 30 დეკემბერს (ძველი სტილით 17 დეკემბერს).

ტრადიციული ვერსიით, “მუჟიკ” რასპუტინის მკვლელობას ორგანიზება გაუკეთეს რუსეთის არისტოკრატიის წარმომადგენლებმა და მათვე მოიყვანეს ეს განზრახვა სისრულეში – ფელიქს იუსუპოვმა და ვლადიმირ პურიშკევიჩმა. მკვლელობაში პირდაპირ იყო გარეული ასევე იმპერატორის ბიძაშვილი, დიდი მთავარი დიმიტრი პავლეს ძე.

მაგრამ ეს ვერსია საკამათოა ბრიტანელი ექსპერტებისათვის. ყოველ შემთხვევაში, სკოტლანდ იარდის ყოფილმა გამომძიებელმა რიჩარდ კალენმა და ისტორიკოსმა ენდრიუ კუკმა 2010 წელს გამოუშვეს წიგნი, რომელშიც ისინი სხვა ვერსიის ჭეშმარიტებას ასაბუთებენ. მათი აზრით, რასპუტინს “საკონტროლო” ტყვია შუბლში ესროლა ბრიტანეთის დაზვერვის წარმომადგენელმა ოსვალდ რეინერმა, რომელიც რუსეთის მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათ შორის, რასპუტინის წინააღმდეგ შეთქმულებთან დაახლოებული პირი იყო. ბრიტანული დაზვერვის მოტივი, ჩამოეცილებინათ რასპუტინი, უკავშირდებოდა ინფორმაციებს, თითქოს ნიკოლოზ მეორე გერმანიასთან სეპარატული ზავის დადებას აპირებდა – რასპუტინის გავლენით. დღესდღეობით ცნობილია, რომ ასეთი გეგმები რუსეთის იმპერატორს არ ჰქონია და რასპუტინის გავლენა ამ მხრივ გადაჭარბებულად ფასდებოდა.

ასევე 2010 წელს გამოვიდა ბრიტანული სპეცსამსახურების ისტორიკოსის, მაიკლ სმიტის წიგნი “ექვსი: ბრიტანული სიკრეტ ინტელიჯენს სერვისის ისტორია”. ეს ავტორიც დარწმუნებულია, რომ იუსუპოვი და პურიშკევიჩი მარტო არ მოქმედებდნენ და მკვლელობას უშუალოდ რეინერი ხელმძღვანელობდა.

ამ ვერსიის მიმოხილვა შეგიძლიათ აქ.