ჩინეთში ტარანტინოს ახალი ფილმის ჩვენება ბრიუს ლის ქალიშვილის პროტესტის გამო აღარ შედგება

ჩინეთში გააუქმეს ცნობილი ამერიკელი რეჟისორის, კვენტინ ტარანტინოს ფილმის “ერთხელ… ჰოლივუდში” ჩვენება კინოთეატრებში, ასევე ცნობილი, კუნ ფუს დიდოსტატისა და მსახიობის, გარდაცვლილი ბრიუს ლის ქალიშვილის, შენონ ლის პროტესტის გამო. ამის შესახებ “ინტერფაქსი” იუწყება გამოცემა Variety-ზე დაყრდნობით.

პრემიერა 25 ოქტომბერს იყო დანიშნული. შენონ ლიმ ჩინეთის კინემატოგრაფის საქმეთა სახელმწიფო სამმართველოს მიმართა, რომ იგი უკმაყოფილოა, როგორ არის გამოყვანილი მამამისი ფილმში. ტარანტინომ ბრიუს ლი კომიკურად წარმოსახა და ლი ადვილად მარცხდება ფილმის სიუჟეტის ერთ-ერთ მთავარ გმირთან, რომელსაც ბრედ პიტი განასახიერებს. ბრედ პიტის პერსონაჟი კასკადიორი კლიფ ბუტია.

აღნიშნულ სცენაში “ბრიუს ლი” ამბობს, რომ “დაასახიჩრებს მუჰამედ ალის”. ბრედ პიტის პერსონაჟი კი მას დასცინის და ძალების მოსინჯვას სთავაზობს. კასკადიორი ბუტი ბრიუს ლის მოისვრის და ავტომანქანის კარებს მიაჯახებს.

Variety-ს ინფორმაციით, ტარანტინოს ფილმს ჩინეთში გაქირავების ნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დართავენ, თუკი რეჟისორი დათანხმდება და ჩინეთისთვის განკუთვნილი ფილმის ვერსიაში საკამათო კადრებს ამოჭრის. თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ არის დადასტურებული.

ჩინეთში ტარანტინოს უკვე ჰქონდა პრობლემები. 2012 წელს ერთი თვით დაგვიანდა “ჯანგო გათავისუფლებულის” პრემიერა, რადგან ფილმის ორიგინალური ვერსია, ჩინელების გემოვნებისთვის, ზედმეტად მძაფრი ძალადობის სცენებს შეიცავდა.

ახალი ფილმი “ერთხელ… ჰოლივუდში” ტარანტინოს მეცხრე ფილმია, რომელიც ასახავს ჰოლივუდის “ოქროს საუკუნის” დასასრულს, 1969 წელს მომხდარ მოვლენებს. სიუჟეტის მიხედვით, ცნობილი მსახიობი რიკ დალტონი (შემსრულებელი – ლეონარდო დი კაპრიო) და მისი დუბლიორი კლიფ ბუტი (ბრედ პიტი) ცდილობენ, თავიანთი ადგილი იპოვონ კინოინდუსტრიის სწრაფად ცვალებად სამყაროში. ფილმის პრემიერა ლოს ანჯელეში, 22 ივლისს შედგა.