როდესაც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულთა შეწყალებებს ვაკრიტიკებდით, ეს ადამიანები მაშინ არ გამოსულან რაიმე კრიტიკული პოზიციით. შემდეგ, როცა ქართული ოცნება“ ექსპრეზიდენტ მარგველაშვილს აკრიტიკებდა შეწყალებების გამო, ამბობდნენ, რომ ეს იყო პრეზიდენტზე პოლიტიკური შეტევა.
დღეს, როდესაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებები გახდა საკამათო, თავგამოდებით ითხოვენ გამოძიებას. სამ ანალოგიურ შემთხვევაში სამი სხვადასხვა პოზიცია აქვთ, ეს არის სამმაგი სტანდარტი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართა საკონსულტაციოდ და პარლამენტმა მზადყოფნა გამოთქვა ამ საკითხზე პრეზიდენტისთვის მოსაზრებები და საკუთარი პოზიცია მიეწოდებინა, თუ როგორ უნდა იყოს ჩამოყალიბებული შეწყალების კრიტერიუმები.
„პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართა საკონსულტაციოდ და პარლამენტმა მზადყოფნა გამოთქვა, ამ საკითხზე მისთვის მოსაზრებები და საკუთარი პოზიცია მიეწოდებინა. ამაზე უკვე დაწყებულია მუშაობა. საკანონმდებლო თვალსაზრისით შეწყალების პროცედურები რეგულირდება პრეზიდენტის ბრძანებულებით. შესაბამისად, თუ ის გადაწყვეტს, შეცვალოს შეწყალების წესები და კრიტერიუმები, პრეზიდენტს საკუთარ ბრძანებულებაში შეაქვს ცვლილებები. რამდენადაც ვიცი, ჩვენ უკვე გადმოგვეგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან სამუშაო ვარიანტი. ჩვენს პოზიციებს მივაწვდით ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, კონსულტაციები დაწყებულია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.