იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დამოუკიდებელი დეპუტატები და უმრავლესობის წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ეკა ბესელიასა და რატი იონათამიშვილს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბესელიამ განაცხადა, რომ გუშინ კანდიდატ ლევან მიქაბერიძის მოსმენაზე მმართველი პარტიის წევრებმა სხდომა კითხვების დასმის შემდეგ დატოვეს, ახლა კი გიორგი მიქაუტაძეს სასათბურე პირობებს უქმნიან.
აღნიშნული განცხადება რატი იონათამიშვილმა გააპროტესტა და თქვა, რომ მან მთელი დღის განმავლობაში სხდომა სულ 15 წუთით დატოვა, რაზეც ეკა ბესელიამ დაწყნარებისკენ მოუთითა, რომ “რაღაცებით ნუ სარგებლობს”.
„დაწყნარდი, რატი, სიტყვას ნუ მაწყვეტინებ, ყველაფერზე შენ ნუ პასუხობ. ნუ სარგებლობ რაღაცებით. რა დღეში ხარ? მე ვცდილობ, რომ შენ არ აგყვე, დამშვიდდი. მმართველ პარტიას არ სჭირდება შენი დაცვა. თავს თვითონ დაიცავენ და უფრო უკეთაც,” – მიმართა ბესელიამ იონათამიშვილს.
თავის მხრივ, იონათამიშვილმა უპასუხა, რომ მან არა სხვა, არამედ საკუთარი ღირსება დაიცვა და მისი მისამართით უსამართლობის გატარებას არ აპირებს.
“არაფრით არ ვსარგებლობ. გაგაწყვეტინებ სიტყვას ყოველთვის, როცა ასეთ უსამართლობას იტყვი. სირცხვილია. არც ერთ უსამართლობას არ გაგიტარებ, განსაკუთრებით ჩემ მიმართ. მე ჩემი ღირსება დავიცავი,”- უპასუხა რატი იონათამიშვილმა