უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი პაატა სილაგაძე შურისძიების საფრთხეებზე საუბრობს. მისთვის კითხვები დამოუკიდებელ დეპუტატს ეკა ბესელიას უნდა დაესვა, თუმცა მოსამართლეობის კანდიდატმა განცხადების გაკეთება ითხოვა და აღნიშნა, რომ ეკა ბესელიას აქვს წინასწარ ნეგატიური განწყობა მის მიმართ, ვინაიდან მან ეკა ბესელიას შვილისა და ძმის საქმე განიხილა.
„როდესაც 10 -კაციანი სია შედგა, პირველი კომენტარები ქალბატონი ეკასგანაც იყო, რომ მისი შვილის საქმის მოსამართლის კანდიდატურის განხილვა არ უნდა მომხდარიყო. მას წინასწარ, გამოკვეთილი აქვს აზრი, რომ მე უარყოფითი პიროვნება ვარ. ასევე იყო გუშინ, „პალიტრანიუსზე“, როდესაც ის ინტერვიუს აძლევდა და ამბობდა: – „ნახეთ რა ელის მას, უარეს მდგომარეობაში ჩავარდება. სასაცილოა ამ კანდიდატის წარმოდგენა საერთოდ“. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება შურისძიების ეტაპი, იმიტომ, რომ მე მისი შვილის საქმე განვიხილე“, – განაცხადა პაატა სილაგაძემ.
პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ასე მიმართა:
„ბატონო პაატა, თქვენ არ ინერვიულოთ, მშვიდად შეეეცადეთ გამცეთ პასუხები. შურისძიება რომ მდომოდა, ან თქვენი ან იმ ადამიანების მიმართ, ვინც სისხლგაყინებულებმა, უხორცოდ და უსულგულოდ გაასამართლეთ სკოლის მოსწავლე პატარა ბიჭი, არარსებული დანაშაულისთვის, იმიტომ, რომ მე ვერაფერი მომიხერხეთ, 7 წელი ვიყავი ხელისუფლებაში… ამ დროის განმავლობაში არც ერთი ის პროკურორი და არც ერთი ის მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა ამ საქმეში, ჩემი მხრიდან არასდროს დასმულა მათი პასუხისმგებლობის საკითხი,“ – განაცხადა ბესელიამ.
პაატა სილაგაძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.