შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი
ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე გიორგი ბაგრატიონი დაინიშნა. შინაგან
საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პირადად წარუდგინა.
“დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი – გიორგი ბაგრატიონი
არის პრინციპული ადამიანი, პროფესიონალი და კარგი მენეჯერი. ვფიქრობ, ის
კარგად გაართმევს თავს ამ სამსახურს. ბევრი კარგი რამ გაკეთდა, ბევრი
წინგადადგმული ნაბიჯია და ეს აუცილებლად გაგრძელდება,”– განაცხადა ვახტანგ
გომელაურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრაზე.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის
გაუმჯობესება, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი
სამუშაო პირობების შექმნა კვლავ იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს
ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს –
გიგა ნიკოლეიშვილს, რომელიც ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა დაცვის
პოლიციას.
შეხვედრის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი და დაცვის პოლიციის ახალი
თავმჯდომარე დეპარტამენტში განხორციელებულ სიახლეებს გაეცნენ.
“5 წლის განმავლობაში ვიმუშავე სახელმწიფო სტრუქტურაში, კერძოდ ქალაქ
თბილისის მერიაში და მინდა მადლობა გადავუხადო ქალაქის მერს, მთავრობას,
საკრებულოს გამოცხადებული ნდობისთვის. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
ჩემთვის არის ახალი გამოწვევა. ამ დეპარტამენტში მომუშავე 12 ათასი
ადამიანი იცავს საქართველოს მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებს.
დიდი მადლობა მინდა ბატონ მინისტრს გადავუხადო ამ ნდობის გამოცხადებისთვის
და დღეიდან მზად ვარ, რომ განვახორციელო და განვაგრძო ის მიმართულებები და
ცვლილებები, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ დეპარტამენტში განხორციელდა,“
– განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.
გიორგი ბაგრატიონი ამ დრომდე ქალაქ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის
საქალაქო სამსახურის უფროსი იყო. 2016-2017 წლებში იგი სამგორის რაიონის
გამგებლის პოზიციაზე მუშაობდა, 2015-2016 წლებში კი თბილისის
მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი იყო.
2014-2015 წლებში გიორგი ბაგრატიონს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის
თანამდებობა ეკავა. 2004 წლიდან 2014 წლამდე ის კერძო სექტორში, სხვადასხვა
კომერციული ორგანიზაციაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა, 2003-2005
წლებში კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დანაყოფებში საქმიანობდა.
გიორგი ბაგრატიონი პროფესიით ეკონომისტია, 1998-2005 წლებში დაამთავრა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტის
ბაკალავრიატი, შემდეგ – მაგისტრატურა. 2012 წელს დაამთავრა ამავე
უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერიის ფაკულტეტის დოქტორანტურა.