25 ოქტომბერს, შავ ზღვაში ამერიკული საზღვაო ხომალდის USS Porter-ის ეკიპაჟი და საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახური ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ.
„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და სანაპირო დაცვას არაჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობისათვის. ხვალ ვგეგმავთ ერთობლივი წვრთნების ჩატარებას სანაპირო დაცვასთან ერთად, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს,“ – განაცხადა USS Porter-ის მეთაურმა ქრეიგ ტრენტმა ბათუმის პორტში ჟურნალისტებთან.
სურათზე: USS Porter-ის მეთაური ქრეგ ტრენტი
25 ოქტომბერს დაგეგმილ წვრთნაში მონაწილეობას მიიღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის ხომალდები.
„შავი ზღვის უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნატოსა და მისი თითოეული წევრი ქვეყნისათვის. საქართველოს, როგორც ნატოს მომავალ წევრს და ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორს, შეაქვს თავისი წვლილი შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაში. ზოგადად, ალბათ ხაზგასასმელია, რომ საზღვაო თანამშრომლობა ალიანსთან, ისევე როგორც მოკავშირეებთან, არის უაღრესად აქტიური ბოლო წლებია და ამ თანამშრომლობას ახორციელებს სანაპირო დაცვა,“ – თქვა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ.
ამერიკული სამხედრო ხომალდის ვიზიტი შეაფასა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.
„მოუთმენლად ველით ამერიკის და საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერებას შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. USS PORTER-ის ვიზიტი, მიმდინარე წელს, ამერიკული სამხედო ხომალდების მესამე ვიზიტია საქართველოში. ეს ვიზიტები ადასტურებს ამერიკის ერთგულებას უსაფრთხოების და სტაბილურობის მიმართ შავი ზღვის რეგიონში. მინდა მადლობა გადავუხადო, ბათუმის, აჭარის მოქალაქეებს სტუმართმოყვარეობისთვის, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალებს და საზღვრის დაცვას უსაფრთხოების და საერთაშორისო მშვიდობის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის,“ – განაცხადა დღეს ბათუმის პორტში საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელისაბეთ რუდმა.
მას შემდეგ, რაც 25 ოქტომბერს ბათუმის პორტს ამერიკული სამხედრო ხომალდი დატოვებს, ნავსადგურში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) შემოვა.
შენაერთის შემადგენლობაში შედის საფლაგმანო ხომალდი ITS VESUVIO (იტალია) და ხომალდები ITS NUMANA (იტალია) და TCG AMASRA (თურქეთი). ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს.
წყარო: “ნეგაზეთი”/”ბათუმელები”
p. s. თუმცა, რაც არ უნდა გემები შემოვიდეს ბათუმში, რუსეთი შავ ზღვაზე უძლიერეს ძალად რჩება. საქართველომ ეს უნდა გაითვალისწინოს.