“როიტერსი” იტყობინება, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი შაბათს თურქეთში გაემგზავრება. იგი თავის თურქ კოლეგას სირიაში არსებულ ვითარებაზე დაელაპარაკება.
ამის შესახებ მაასმა ხუთშაბათს, გერმანიის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. საუბრის თემა იქნება ლტოლვილები, თუმცა მაასი არ მალავს, რომ გერმანია კრიტიკულად უყურებს თურქეთის შეტევას ქურთებზე, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში და მიიჩნევს, რომ ეს აქცია საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. მაასს ასევე არგუმენტად მოაქვს, რომ რადიკალი ისლამისტები ჯერ ბოლომდე არ არიან დამარცხებულნი.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთს მოუწოდებს, ჯარები გაიყვანოს სირიიდან. თუმცა რამდენად რეალურია მაასის ეს მოწოდებები, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. სირიის ბედს, საკუთრივ სირიის ლიდერის, ბაშარ ასადის გარდა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი წყვეტს. პუტინი უკვე შეუთანხმდა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს და ერდოღანი მაასის გამო, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიას ზურგს საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის პოზიციაც უმაგრებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სოჭის შეთანხმება პრობლემას გრძელვადიანად ვერ მოაგვარებს, პოზიციას არ შეცვლის.
აღსანიშნავია, რომ გერმანიას და სხვა ევროპულ ქვეყნებს საერთაშორისო სამართალი და ისლამისტების პრობლემა არ გახსენებიათ, როდესაც სირიას შეთქმულება მოუწყეს 2011-2012 წლებში და ეს მეტ-ნაკლებად სტაბილური არაბული რესპუბლიკა სასაკლაოდ გადააქციეს.