ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ევროკავშირის დამკვირვებლებს ე.წ. საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც სააგენტო „რესს“ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში ე.წ. სამხრეთ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა განუცხადა, КГБ-ს სასაზღვრო განაწესმა დღეს, დასახლებულ პუნქტ წნელისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრული გააჩერა, რომელმაც ე.წ. საზღვარი „დაარღვია“.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც „მესაზღვრეები“ დარწმუნდნენ, რომ ისინი მართლაც ევროკავშირის დამკვირვებლები იყვნენ, დარღვევის შესახებ მიუთითეს და „რესპუბლიკის“ ტერიტორიის დატოვება შესთავაზეს.
მისივე თქმით, „სამხრეთ ოსეთის“ მხარემ მაშინვე აამოქმედა „ცხელი ხაზი“, რომლითაც სადამკვირვებლო მისიას განუცხადეს, რომ მსგავსი ნაბიჯები დაუშვებელია, რადგან სერიოზულად ძაბავს ისედაც დაძაბულ ვითარებას რაიონში.
„დამკვირვებელთა მსგავსი ქმედება პროვოკაციულია წნელისთან დაკავშირებით სიტუაციის განსამუხტად დაგეგმილი მორიგი ტექნიკური შეხვედრის წინ“, – განაცხადა იგორ კოჩიევმა.