ამერიკის სომხური ლობი ჯავახეთში სირიელი სომხების ჩამოსახლებას ლობირებს

“ნიუსფრონტის” ინფორმაციით, ამერიკული “თინკ-თანკის” Heritage Foundation-ის  ექსპერტი ლუკ კოფი, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურობს საქართველოს მიმართულებით, ახალქალაქში ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის დაკავებას სირიიდან გამოყვანილი ამერიკული შენაერთებით, შემთხვევით არ ითხოვს.

საქმე არა იმდენად ამერიკის ინტერესებშია, როგორც ამას კოფი წარმოაჩენს; ეს იდეა, სირიიდან გამოყვანილი ჯარები ახალქალაქში განთავსდეს, მჩატედ და არასერიოზულად ჟღერს. ასეთი განცხადებები მით უფრო არ შეეფერება სოლიდური ორგანიზაციის წარმომადგენელს. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ლუკ კოფიმ რაღაც ზღვარი გადალახა და ფრიად “ეგზოტიკური” წინადადება წამოაყენა.

რეალურად კი რა ხდება: სირიის ომით დაზარალებული სომხური მოსახლეობის ნაწილი (სომხები სირიაში ისტორიულად სახლობენ) ბოლო 8 წლის განმავლობაში სომხეთში გადმოსახლდა. სომხეთის ნაციონალისტური წრეები კი ფიქრობენ, რა სარგებელი შეიძლება მიიღონ ამ პროცესიდან. ნაციონალისტების გარკვეულ ჯგუფში მომწიფდა იდეა, რომ ჯავახეთი, რომელიც ბევრმა სომეხმა მოქალაქემ სოციალური სიდუხჭირის გამო დატოვა და ფულის საშოვნელად რუსეთში ან კიდევ სხვა ქვეყნებში გავიდა, შეივსოს ისევ და ისევ სომეხი ეროვნების ადამიანებით. სირიიდან სომეხი ლტოლვილები ამ გეგმას იდეალურად შეესაბამებიან.

შესაბამისად, კოფიმ სომხური ლობის იდეა გააჟღერა – სომხების შესაძლო ჩასახლება ჯავახეთში ამერიკული ბაზის საფარს ქვეშ უნდა მოხდეს – თუკი ახალქალაქში ამერიკული ბაზა გაიხსნება, ამ ბაზას მოჰყვება “დამხმარე სამოქალაქო პერსონალი”, რომელიც სწორედ სომხური ეროვნების ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული.

Heritage Foundation-ის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა ამერიკაში სომხური დიასპორის ფინანსურად მძლავრი წარმომადგენელი, კომპანია Vital Connect, Inc. -ის თანადამაარსებელი, ნერსი ნაზარი (ნერსეს ნაზარიანი). ნაზარიანის კომპანია სახელგანთქმულ Silicon Valley-ში ფუნქციონირებს. სავარაუდოდ, კოფის სწორედ მან “ჩააწვეთა” ახალქალაქში ამერიკული ბაზის გახსნის იდეა, შორს მიმავალი გეგმებით.

ცნობისათვის, სომხეთის რესპუბლიკაში, ოფიციალური მონაცემებით, თავს 22 ათასი სირიელი სომეხი აფარებს.