რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი პროექტის ,,ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისთვის“ პრეზენტაციას დაესწრო.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე პროექტში მონაწილე ხუთი მუნიციპალიტეტის გუნდმა საკუთარი პრეზენტაციები და იდეები წარმოადგინა.
პროექტი „ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისთვის“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა. ჭიათურის, ტყიბულის, ცაგერის, ხაშურისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში პროექტს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის არაკომერციული ორგანიზაცია “აგორა” ახორციელებს.
პროექტის მიზანია ადგილობრივი ახალგაზრდების მიერ საკუთარი ქალაქების/დაბების პერსპექტიული კონცეფციებისა და საკვანძო საპროექტო წინადადების შემუშავება, რომელთა შორის საუკეთესო იდეის გამოვლენა მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით მოხდება.
პროექტი ითვალისწინებს სამიზნე ლოკაციებში მცხოვრები ახალგაზრდობისთვის ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტების გამოყენების, ადვოკატირების, სამოქალაქო აქტივიზმის, პროექტების წერის უნარ-ჩვევებისა და ცოდნის ამაღლებისათვის ტრენინგების ჩატარებას.
ახალგაზრდული გუნდები მათ მიერ შემუშავებულ კონცეფციებსა და საპროექტო წინადადებებს საჯარო განხილვისათვის გააცნობენ მოსახლეობას. კენჭისყრის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო იდეების ავტორები მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო ტურში ქალაქ პრაღაში.
პროექტის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო იდეების დაფინანსების საკითხს სამინისტრო დამატებით განიხილავს.