როგორც ცნობილია, აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის შეღავათიანი დაფინანსებით, ასევე საქართველოს ფინანსური თანამონაწილეობით, საქართველოს სამხედრო გზაზე, რუსეთის მიმართულებით, იწყება შემოვლითი გზის – 23-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რათა გაადვილდეს სამანქანო კავშირი ორ ქვეყანას შორის, რაც ხელს შეუწყობს გადატვირთული გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილის გამოთავისუფლებას.
ზვავის და ღორღის ჩამოშლის გამო გუდაური-კობის გზის მონაკვეთი წელიწადის განმავლობაში ხანდახან რამდენჯერმე იკეტება, არა ერთი და ორი დღით. ამიტომ ახალი შემოვლითი გზა სოფ. ქვეშეთიდან სოფ. კობამდე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტრანსპორტისათვის, ისე გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილის ეკოსისტემის დაცვისათვის.
რა თქმა უნდა, ახალი მარშრუტი უნდა შემოწმდეს და შესწავლილ იქნას ეკოლოგიის თვალსაზრისით. კავკასიის მთები ჩვენი ქვეყნის სილამაზეა და თან უდიდესი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების გამომუშავებაში. შესაბამისად, მთა დაცული უნდა იქნას ადამიანის უხეში ჩარევისგან. თუმცა არსებობს გზების მშენებლობის თანამედროვე, განვითარებული ტექნოლოგიები. ტექნიკა და ბუნება ერთმანეთთან მაქსიმალურ ჰარმონიაში უნდა იყონ.
თუმცა საქართველოში მოქმედებენ ძალები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ახალი ტრასის მშენებლობით. ისინი აცხადებენ, რომ ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაუშვებელია, რადგან ბუნება დაზარალდება. საინტერესოა, რატომ მიიჩნევენ ისინი ბუნებას მარტო შემოვლითი გზის მარშრუტს და არ ანაღვლებთ ჯვრის უღელტეხილი, უნიკალური კურორტი გუდაური? განა ეს ბუნება არ არის? განა უზარმაზარი ტვირთნაკადი ამ გზაზე არ მოძრაობს? სომხეთის, თურქეთის, რუსეთის, საქართველოს, ყაზახეთის, უკრაინის, ბელარუსის, ბალტიისპირეთის, თურქმენეთის, ირანის და კიდევ რომელი ქვეყნის ტრაილერებს არ ნახავთ აქ. ყოველი მათგანი გუდაურის დაკლაკნილ ვიწრო ტრასაზე ადის და ზვავის შემთხვევაში გუდაურში ჩერდება. ცალკე მანქანები, ცალკე მძღოლები აბინძურებენ გარემოს. ახალი ტრასა ამ ვითარებას თუ არ გამორიცხავს, დიდ იშვიათობად აქცევს. მაშ რად ღელავენ ასე ზოგიერთნი და შეტევას შეტევაზე ახორციელებენ მასმედიაში?
რასაკვირველია, ყველაფერი ისევ ბანალურ რუსოფობიას უკავშირდება, შიშს იმისას, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური კავშირები გაღრმავდება. მას შემდეგ, რაც რუსოფობულმა ძალებმა ფაქტობრივად ჩაშალეს აფხაზეთზე და შიდა ქართლზე შვეიცარული კომპანიის მონაწილეობით სატრანსპორტო კორიდორების ამოქმედება (რაც ხელს შეუწყობდა აფხაზეთის და შიდა ქართლის საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში თანდათანობით რეინტეგრაციას), საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, ასეთი გამოსავალი მოეძებნა – გაეძლიერებინა საქართველოს სამხედრო გზის გამტარუნარიანობა. ამიტომ, რუსოფობული ძალები პოლიტიკას ვერ მოიშველიებენ, სამხედრო გზა ხომ არ გადის საქართველოსთვის უკონტროლო ტერიტორიებზე. მათ სჭირდებათ სხვა არგუმენტები რუსეთთან კომუნიკაციების შესაფერხებლად.
შესაბამისად, “ნიუსფრონტს” აქვს “გონივრული ეჭვი”, რომ “ეკოლოგები” ეკოლოგიით ინიღბებიან და სხვა, უფრო შორს მიმავალ მიზნებს ემსახურებიან.
თავად განსაჯეთ: ამოქმედებულია ისევ ეს ყბადაღებული “არასამთავრობოები”, რომელთაც საინფორმაციო მხარდაჭერას აძლევს ლიბერალური მასმედია. იქმნება საზოგადოებრივი აზრი, რომ ჩვენს ბუნებას და ისტორიას ექმნება დიდი საფრთხე. აი წერილის ნაწყვეტი, რომელიც ამა წლის სექტემბერში გაეგზავნა საქართველოს მთავრობას, აზიისა და ევროპის განვითარების ბანკებს:
„პროექტი საფრთხეს უქმნის მხოლოდ ხადაში აღმოჩენილ უნიკალურ კოშკებს და ენეოლითის ხანის არქეოლოგიას; გამორჩეულ ბრიომრავალფეროვნებას, წითელ ნუსხაში შეტანილი არაერთი სახეობით; ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სალაშქრო-ტურისტულ მარშრუტს და ხადის ისტორიული სოფლების მოსახლეობის კეთილდღეობას. პროექტი სათანადოდ არ აფასებს ადგილზე არსებულ გეოლოგიურ და სეისმოლოგიურ რისკებს”.
ამ წერილს ხელს აწერენ ნაკლებად ცნობილი, თითქოს ეკოლოგიური პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგრამ 8 მათგანიდან ორი მაინც საკმაოდ ცნობილია – “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”. როგორც იტყვიან, “აი აქ მცირე ხნით შევჩერდეთ!” რატომ იღებს ეს ორი არაპროფილური, უაღრესად პოლიტიზებული ორგანიზაცია თავის თავზე ამბიციას, რომ ისინი ეკოლოგიის საკითხებშიც ისევე კომპეტენტურები არიან, როგორც თავიანთი პროფილის საქმიანობაში? ისევ საკითხის პოლიტიზაციის გამო ხომ არა? ეს ორგანიზაციები, გარდა იმისა, რომ მთლიანად და უხვად ფინანსდებიან დასავლური სპეციფიური სტრუქტურებისაგან, ამ ფულს ისინი ძალიან პატიოსნად ახმარენ კიდეც დასავლეთის ინტერესებს! განსაკუთრებით “მონიტორინგის ცენტრი” ყველაფერს აწერს ხელს, რაც თავისი სულისკვეთებით საქართველოს ინტერესებს უპირისპირდება. ეს ორგანიზაცია, მაგალითად, ხელს უწყობს ტარიელ ნაკაიძის პროთურქულ “ქართველ მუსლიმთა კავშირს” და უშუალოდ ეხმარება ბათუმში დიდი მეჩეთის აშენების იურიდიული საკითხების მოგვარებაში.
ეს ორგანიზაციები ყოველთვის აკეთებენ ანტირუსულ განცხადებებს, მაგრამ არასოდეს იცავენ განსხვავებული აზრის ადამიანების უფლებებს, რომელთაც დასავლეთი არ მიაჩნიათ პანაცეად. ამიტომ მათ უნდობლობა უნდა გამოვუცხადოთ და მთავრობას მივცეთ საშუალება, ერთხელ მაინც მიიღოს სუვერენული, ქართული გადაწყვეტილება სტრატეგიულ საკითხებში!
ლიბერალები ყველანაირ მეთოდს იყენებენ. “ნეტგაზეთმა” 23 წლის ვინმე გიორგი როსტიაშვილი მოძებნა, რომელსაც თურმე ხადის ხეობაში დასახლება გადაუწყვეტია და ამ განზრახვაში ხელს ახლა ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა უშლის. ახალგაზრდა კაცი გამოცდილი გეოლოგის თავდაჯერებულობით ლაპარაკობს მოსალოდნელ ეკოლოგიურ საფრთხეებზე:
“ამ გზის გაფართოება რა საფრთხესაც უქმნის ჩემს სახლს, ეგ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რითაც დაგეგმილი მთავარი მაგისტრალი უქადის მთელს ხეობას. მთელი კოშკები და ტაძრები დაინგრევა. აი, თუნდაც, ხეობის ბოლო სოფელში, წკერეში, კვირაცხოვლის ქვეშ უნდათ გაიყვანონ გვირაბი.
ბურღვა იქნება, ვიბრაციები თუ აფეთქებები, სულ ჩამოანგრევს არა მხოლოდ კოშკებსა და ტაძრებს, არამედ უბრალო სახლებსაც. ეს იმიტომ, რომ მშრალი წყობით არის მთელი ხადა აშენებული, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ქვა ქვაზე დევს, ცემენტისა და ყოველგვარი გამაგრების გარეშე. პატარა ვიბრაციაც კი მოქმედებს”.
თუმცა მთავარი სათქმელი მერე მოდის: “მაგრამ კარგა ხანია, გადავწყვიტეთ, რომ დავუპირისპირდეთ ამ გეგმას და შევეწინააღმდეგოთ“.
ეს ორმაგად საინტერესო ფრაზაა – ერთი ის, რომ თავად გიორგის უკვე კარგა ხანია, აქვს დაპირისპირების სურვილი და მეორე – იგი მარტო თავისი სახელით არ იმუქრება, არამედ მრავლობით რიცხვში ლაპარაკობს. საინტერესოა თვითონ “ნეტგაზეთის” ხრიკებიც, რომელშიც თავადვე ებმება: ჯერ თავადვე ახდენენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლის ციტირებას (იხ. იგივე ბმული), რომ გზა მოსახლეობის ნაკვეთებზე არ გაივლის და არავის სახლს საფრთხე არ ემუქრება, მერე კი მაინც ასკვნიან, “ადგილობრივებზე” მითითებით, რომ სახელმწიფო მათ მიწის გაყიდვას სთავაზობს კვადრატულ მეტრში 5.6 ლარად. “ნეტგაზეთი” იქვე სურათებსაც აქვეყნებს და მიუთითებს, რომ ხადის ხეობის გაყიდვას ხალხი ეწინააღმდეგება, ჟურნალისტი წერს, რომ “ადგილობრივი მოსახლეობა” არის გამოსახული ამ სურათებზე. სინამდვილეში კი თბილისიდან ჩასული ხალხი დგას ორი-სამი მწყემსის ფონზე, რომელთაც უკვე მოუსწრიათ ჰეშტეგის წამოწყება ინტერნეტში: #დაიცავიხადა.
საოცარია, პირდაპირ, იქვე სურათზე გადაღებულია კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელიც თურმე ამერიკაში ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნდა და თავის დედულეთში, ხადის ხეობაში მოინდომა ცხოვრება. სამწუხაროდ, მთა და სოფელი საქართველოში ხალხისგან დაცლას უჩივის, ხადის ხეობაში კი რაღაც საეჭვო “ხალხმრავლობაა”, თანაც ახალგაზრდების მონაწილეობით.
კარგია, სინამდვილე რომ იყოს!
“ნიუსფრონტი”