ჩვენ ვმუშაობთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დაძაბულობაში არ ჩაგვითრიონ და არ მოხდეს დაპირისპირება, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შეფასებისას განუცხადა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება, რაც სამწუხარო ფაქტია, თუმცა აქვე დასძენს, რომ საუბარი იმაზე, თითქოს ქვეყანა ტერიტორიებს ახლა კარგავს, არასწორია.
ამასთან, შს მინისტრი საოკუპაციო ძალების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების დაკავებასაც გამოეხმაურა.
„ძალიან ცუდი ფაქტი იყო, რა თქმა უნდა, როდესაც დამკვირვებლები დააკავეს. პრობლემა ექმნებათ ასევე პრესას, მოქალაქეებს, რომლებიც შეიძლება დააკავონ და ამიტომ არ ვუშვებთ ამ ტერიტორიაზე. ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი არ ერიდებიან ევროკავშირის დამკვირვებლებსაც, რომლებიც დააკავეს. რაც შეეხება ვითარებას ადგილზე, იქ ნამდვილად არ არის გამწვავებული ვითარება. გაავლებენ ხოლმე 100 მეტრზე ღობეს ოსურ-რუსული მხარე და დაიწყება საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფომ დაკარგა კიდევ ახალი ტერიტორიები. ეს ტერიტორიები ჩვენ დავკარგეთ 2008 წლის ომის შემდეგ. ეს ალბათ კარგად უნდა აიხსნას და მთავრობის ასახნელიც არის ალბათ. ეს თემა დაიწყო 2008 წელს. ხელი მოეწერა ოკუპაციის ხაზს, რომ იქით იქნებიან რუსული და ოსური მხარე, აქეთ იქნება ქართული მხარე. ახლა სადაც ღობე არ არის გავლებული გადავდივართ? ვხნავთ ან ვთესავთ? მივდივართ ნათესავებთან? ვერ მივდივართ! სამწუხაროა, ღობე რომ ივლება და გამყოფ ხაზს აკეთებენ, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ დღეს დაკარგა საქართველომ კიდევ 500 მეტრი ტერიტორია, არასწორია“, – განაცხადა გომელაურმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, ხელისუფლება მუშაობს პრვენციულ ღონისძიებებზე და მთავარი ამოცანა ადგილზე სიმშვიდის შენარჩუნებაა.
„ახლა ბოლო შემთხვევა იყო ჩორჩანაში, სადაც ნამდვილად გადმოწიეს ჩვენ ტერიტორიაზე და გაგვიხსნეს სამწუხაროდ საგუშაგო, იმის საპასუხოდ, რომ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გავაკეთეთ საგუშაგო. რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს ჩვენ ვმუშაობთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ რომ დაძაბულობაში არ ჩაგვითრიონ და არ მოხდეს დაპირისპირება. ცეცხლი არ გაიხსნას ან იქითა მხრიდან ან აქედან და არ გადაიზარდოს ეს ყველაფერი უფრო ფართომასშტაბიან ოპერაციაში“, – განაცხადა შს მინისტრმა.