ისლამისტი ალ-ბაღდადი ცოლმა დაღუპა

როგორც არაერთხელ მომხდარა მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოს ისტორიაში, ესა თუ ის ლიდერი, ამა თუ იმ ფორმით, საკუთარმა ცოლმა დაღუპა. ასე მოუვიდა “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერს, ტერორისტ აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადის, რომელმაც ამერიკულმა სპეცრაზმის მიერ დაკავების შიშით, თავი აიფეთქა.

სურათზე: ქალი ნიქაბში.

კერძოდ, თუკი “ნიუ-იორკ ტაიმსის” კვირას გავრცელებული ცნობა მართალია, გამოდის, რომ ამერიკელებმა ალ-ბაღდადის ადგილმდებარეობას მისი ერთ-ერთი ცოლის საშუალებით მიაკვლიეს. გაზეთი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში დაკავებულ იქნა ალ-ბაღდადის ზემოთ ხსენებული ცოლი და ერთი შიკრიკი, რომელთა ჩვენებების საფუძველზე გახდა ცნობილი ალ-ბაღდადის მიმალვის მიახლოებითი ადგილ-მდებარეობა. აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ, ერაყისა და ქურთების დაზვერვის დახმარებით, მოახდინა ადგილის კონკრეტიზაცია და ჯაშუშების გაგზავნა სირიის ჩრდილო დასავლეთით მდებარე მიყრუებულ სოფელში, სადაც მთავარი ტერორისტი იმალებოდა.

ალ-ბაღდადის სიკვდილის შესახებ 27 ოქტომბერს აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა. ამერიკის პრეზიდენტმა მადლობა ასევე გადაუხადა თურქეთს, რუსეთს, ერაყსა და, რაც განსაკუთრებით საინტერესოა, სირიას, ტერორისტის პოვნასა და ლიკვიდაციაში გაწეული დახმარებისათვის.