ქუთაისში მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან მუშა გადმოვარდა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა.
დაზარალებული სხეულის მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი ოპერაცია ჩაუტარდა.
სამშენებლო კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერის, ცოტნე ბარბაქაძის თქმით, ამ დროისთვის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი განმარტებით, ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია და ფაქტი დაუდევრობას უკავშირდება.
ცოტნე ბარბაქაძე აცხადებს, რომ მუშას იმ დროისთვის სამსახურეობრივი დავალება არ ჰქონდა და უსაფრთხოების ქამარი არ ეკეთა.
დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა, ის მშენებლობაზე ერთი კვირის მისული იყო. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “თ მ” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ასრულებს.
სამინისტროს თანამშრომლებისთვის ორი თერთმეტსართულიანი კორპუსი შენდება.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.