ჩინეთი გლობალისტური ანტიფასეულობების წინააღმდეგ

ჩინეთში გამოიცა ახალი სახელმძღვანელო, რომლის მიზანიც ახალი ეპოქის პირობებში მოქალაქეებში მორალური ფასეულობების ფორმირებაა. ამის შესახებ ინფორმაციას Meduza ავრცელებს.

სახელმძღვანელოს თანახმად, ჩინური სოციალიზმის სახე და ჩინური ოცნება ღრმად არის გამჯდარი ადამიანთა [ჩინელების] გულებში, თუმცა ახალი ეპოქა და გლობალიზაცია ახალ გამოწვევებს წარმოშობს – უზნეობა, ჰედონიზმი, გამდიდრების წყურვილი და ინდივიდუალიზმი ყველგან არის.

“ყველაფერი ეს მოქალაქის ბედნიერ ცხოვრებას უშლის ხელს და ნაციას ზიანს აყენებს. ამიტომ პარტიამ და საზოგადოებამ მათ აღმოსაფხვრელად ზომები უნდა მიიღონ, არსებული რეგულაციები საკმარისი არ არის. თითოეულს უნდა უყვარდეს სამშობლო, პატივს სცემდეს ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს, ცივილიზებულად მოიქცეს ჭამის დროს და სპორტულ ღონისძიებებზე, პატივი სცეს ეროვნულ დროშასა და ჰიმნს, დაახარისხოს ნაგავი და იზრუნოს გარემოზე. ამ ყველაფრის ჩანერგვა სკოლის მერხებიდან უნდა დაიწყოს. საზღვარგარეთ ყოფნის დროს, [მოქალაქემ] ჩინეთის ღირსება უნდა დაიცვას, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფენ ჩინეთის ღირსებას და ყიდიან ეროვნულ ინტერესებს – განსაკუთრებით კი უცხოელები, აუცილებლად მკაცრად და თვალსაჩინოდ უნდა დაისაჯონ. ამორალური ქმედებები შესაბამისი კანონით უნდა დაისაჯოს. ჩვენ საზოგადოებაში უნდა შევქმნათ ატმოსფერო, რათა ხელი შევუწყოთ სიკეთეს და დავსაჯოთ ბოროტება”, – წერია სახელმძღვანელოში, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ოფიციალური დოკუმენტია. ის ქვეყნის სოციალურ იდეოლოგიას განსაზღვრავს.

Imedinews