დანაშაულის პრევენცია, პროკურატურის დამოუკიდებლობის გაზრდა და პროკურორების ინდივიდუალური გაძლიერება – ეს ის ვალდებულებებია, რომლებიც საგამოძიებო უწყებას 2017 წლიდან დაეკისრა.
სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიას განიხილავს დღეს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”. მთავარი კითხვა – რამდენად სათანადოდ შეასრულა პროკურატურამ ნაკისრი ვალდებულებები. “IDFI” საკუთარ რეკომენდაციებსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელმა მარიამ მაისურაძემ განაცხადა, რომ პროკურატურა არ ახდენს საკუთარი სტრატეგიული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგს, ამასობაში კი ხარვეზები რჩება, როგორც ინდივიდუალური პროკურორების თვალსაზრისით ასევე საზოგადოებრივი ნდობის თვალსაზრისითაც.
ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმითვე, განიხილავენ გამოწვევებს, რომლებიც უშუალოდ დოკუმენტებს უკავშირდება, დადგინდება რამდენად გამართულია ეს დოკუმენტები და მოიცავს თუ არა ყველა იმ ვალდებულებას, რაც პროკურატურის წინაშე არსებობს.