თეთრი ტაქსები თეთრი ბამპერებით… მანქანის ქიმწმენდის ვაუჩერი… კახი კალაძე ამბობს, რომ თბილისში “ტაქსების რეფორმა” წარმატებით მიმდინარეობს და “ა” კატეგორიის ტაქსების მძღოლებს 1-ლი ნოემბრის შემდეგაც მანქანის სალონის ქიმწმენდის ვაუჩერებს პირდება.
„ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლებს 1-ელი ნოემბრიდან ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ სალონის ქიმწმენდის ვაუჩერები. ისინი უნდა მივიდნენ შემდეგ მისამართებზე: „ავტოსპა“ – ბერი სალოსის გამზირის #31; „დირსის“ კორპუსების მიმდებარედ „ავტოშხაპი“ – შეშელიძის #68. ამ მისამართებზე შეუძლიათ „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლებს მიბრძანდნენ და ყოველგვარი გადასახადების გარეშე ისარგებლონ ამ სერვისით. ვინც ისარგებლებს ამ ვაუჩერებით, მათ უფასოდ გადაეცემათ ტექნიკურ მომსახურებაზე 20%-იანი ფასდაკლების ბარათები, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.
მერის თქმითვე, ტაქსების რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და ლიცენზირებული ტაქსების რაოდენობა უკვე 13 ათასამდე გაიზარდა.
„ა“ კატეგორიაში მონაწილე ტაქსების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. დღეის მდგომარეობით გაცემული ვაუჩერებისა და ლიცენზიების რაოდენობა 13 ათასს აღწევს. ბოლო კვირასთან შედარებით ეს რიცხვი დაახლოებით 2 ათასამდე გაიზარდა. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გაიზრდება. რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს, სხვა ეტაპებს ამ რეფორმისა, რა თქმა უნდა, მომდევნო დღეების განმავლობაში გავაჟღერებთ“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძე ასევე განმარტავს ტაქსის მძღოლებიდან კონკრეტულად ვის ჩამოეწერება ჯარიმა.
მისი განცხადებით, 1-ელ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები, რომელთაც ჰქონდათ ტაქსის ნებართვა, მაგრამ ავტომანქანა არ იყო თეთრი ან ვისაც 30 სექტემბერს გაუვიდა ნებართვის მოქმედების ვადა, ჯარიმისგან გათავისუფლდებიან.
მაგრამ ქალაქის მერი, რომელიც თეთრ ფერზე აგრერიგ ზრუნავს, ნაკლებად დარდობს იმაზე, თუ სად “მოისაქმებენ” ქათქათა ტაქსების მძღოლები. ქალაქი აქოთებულია შარდის სუნით, შებინდებისას მძღოლები ქუჩებში, მაგალითად, “მუშტაიდის” ბაღის გაყოლებაზე ისტუმრებენ თავიანთ ბიოლოგიურ საჭიროებებს. მერიას კი თავში აზრად არ მოსდის, ტაქსების გადაღებვის და მათი რაოდენობის ზრდის პარალელურად, ქალაქში ბიოტუალეტები დაამონტაჟოს, ხოლო ქუჩაში მომსაქმებელ მძღოლებზე რეალური ჯარიმები დააწესოს.