ცხინვალის საავადმყოფოში 70 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტი – ოპოზიცია რუსეთისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოუწოდებს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე ბოლო პერიოდში ჰუმანიტარული კრიზისის გახშირებაზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, რუსეთთან მიმართებაში ხელისუფლების არასწორი პოლიტიკით არის გამოწვეული.
პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, ოთარ კახიძე ამბობს, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს ყველა დიპლომატიური შესაძლებლობა, რომ რუსეთზე შესაბამისი წნეხი განხორციელდეს.
“ეს წნეხი შეიძლება განახორციელოს მხოლოდ ჩვენმა ძლიერმა მეგობრებმა, საერთაშორისო პარტნიორებმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა. ამისთვის, ჩვენი ხელისუფლება უნდა იყოს საკმარისად აქტიური, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი მსგავს ქმედებებს განაგრძობს,” – აცხადებს ოთარ კახიძე.
ცხინვალის საავადმყოფოში გარდაცვლილი 70 წლის ქალის ცხედარი დღეს მის მშობლიურ სოფელში უნდა გადაასვენონ. ახალგორის მკვიდრი, მარგო მარტიაშვილი ცხინვალის რეჟიმის გადაწყვეტილებას – რეგიონის სრულ იზოლაციასთან დაკავშირებით ემსხვერპლა.
უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პენსიონერი სასწრაფო დახმარებას საავადმყოფოში უნდა გადაეყვანა, მაგრამ ე. წ.-მა მესაზღვრეებმა გამშვები პუნქტი არც სასიცოცხლოდ აუცილებელი მდგომარეობის გამო გახსნეს.