ჯარიმები, ჯარიმები, ჯარიმები – ამით აპირებს თბილისი და სრულიად საქართველო “გაბრწყინებას”. თბილისში პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარი გახდა. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. მანამდე ჯარიმა 10 ლარი იყო.
მისი თქმით, შესაბამისი ცვლილება კანონში პარლამენტმა მიიღო თბილისის მერიის თხოვნით. კალაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება კავშირშია მერიის სატრანსპორტო პოლიტიკასთან და ზონალურ-საათობრივ პარკინგის დანერგვასთან, რომლის საპილოტე პროექტი ორ “ლოკაციაზე” უკვე ხორციელდება.
მერმა იმითაც “გაგვახარა”, რომ შეიცვალა ჯარიმის ჩაბარების წესიც: აქამდე ოქმი თუ მხოლოდ ფოსტით ეგზავნებოდა ადრესატს, ახლა თუ ეს ვერ მოხერხდება, ეს ინფორმაცია თბილისის პარკინგის ვებგვერდზეც გამოქვეყნდება და დაჯარიმებულ მოქალაქეს სმს-ითაც მიუვა.
სამაგიეროდ, კალაძეს ბლომად ჰყავს დაქირავებული ტაშისმკვრელები “ფეისბუკზე”, რომლებიც მას “იმიჯს” უქმნიან.
საინტერესოა, ვინ დააჯარიმებს თავად ქალაქის მერს – დანგრეული გზებისთვის (რომლებიც ავტომანქანას უნგრევენ მფლობელებს), თბილისის ზღვაში ჩადენილი ფეკალიებისათვის, თვეობით უაზროდ გადათხრილ-ჩახერგილი ქალაქისათვის (ვაკე, ვორონცოვის ხიდი და სხვ.?) და ამ “სამუშაოებზე” გაფლანგული ხალხის ფულისათვის?!