ახლა უკვე “შუაშისტებიც” პატრიარქს ასხამენ ხოტბას

წმ. სინოდის სხდომამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ეკლესიის მტერზეც და მოყვარეზეც. “მეუფე პეტრეს” მომხრე ძალები იძულებულნი არიან, დროებით დადუმდნენ და “უკეთეს დროს” დაელოდონ. მაგრამ ის “შუაშისტები”, რომლებიც ხან ერთ, ხან მეორე მხარეს არიან – კონიუნქტურიდან გამომდინარე, დღეს პატრიარქის მხარეს იჭერენ, რადგან ძალა პატრიარქისკენ გადაიხარა.

ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს აპრიორი ვერ დავწამებთ რაიმე ცუდს, მაგრამ მისი გააქტიურება პატრიარქის მიმართ სწორედ დღეს, სინოდის სხდომის შემდეგ, უცნაურად გვეჩვენა. კარგი იყო, ეს აქტიურობა მანამდე, პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას გამოეჩინა და არ გაეტარებინა თავისი არსით ანტიქრისტიანული კურსი – ნარკოტიკების ლიბერალიზაცია, საკუთარი დამნაშავე ნათესავების შეწყალება, ხალხის ეკონომიკური გასაჭირისადმი გულგრილობა და ბევრი სხვა რამ.

თუმცა ექს-პრეზიდენტი დღეს სწორ პოზიციაზე დადგა და მასმედიას განუცხადა:

„მე დამხვდა კათოლიკოს-პატრიარქი, ნათელი ადამიანის თვალები, რომელსაც ბოლო 40 წელია, ვიცნობ. მივხვდი, რომ მის უწმინდესობას გავლილი აქვს არაერთი მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში. ის მტკიცედ დგას შეთითხნილი, მარტივი ინტრიგების ზემოთ. მე დავინახე პატრიარქი, რომელიც ვერ გატეხა ვერც „კაგებემ“ და ვერც სხვა სპეცსამსახურებმა. პატრიარქი არის მხნედ, ხედვა აქვს ხვალინდელი დღის და პერსპექტივის. ჩვენზეც, საზოგადოებაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, რომ რაღაცნაირად თვითგანადგურება არ განვახორციელოთ“.