ქვეყანაში 700 000 ადამიანი აზარტულ თამაშებშია ჩართული. მათი ნაწილი მოზარდია. ეს აზარტულ თამაშებში ჩართული პირების არაოფიციალური სტატისტიკაა, თუმცა როგორც არასამთავრობოები ამბობენ, რეალურად ვითარება გაცილებით მძიმეა.
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მძიმე შედეგებზე ნათია ხარაზიშვილი საჯაროდ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც დარწმუნდა, რომ ყოფილი ქმარი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისგან საკუთარი ძალებით ვერ იხსნა. არაერთი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრის არსებობის მნიშვნელობაზე “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” წევრებიც საუბრობენ, სამოქალაქო მოძრაობა იმ საგანგაშო მაჩვენებელზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ბოლო წლებში აზარტულ და ონლაინთამაშებში ჩართულთა რაოდენობას უკავშირდება. მათი ინფორმაციით, 700 000-ზე მეტი თამაშობს და უმეტესობის ასაკი 15 წლიდან იწყება. ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში მათთან შემოსული ზარების მიხედვით, აზარტული თამაშების გამო სუიციდის 15 შემთხვევა დაფიქსირდა.
აიკრძალოს აზარტული თამაშების პოპულარიზაცია და ონლაინთამაშები, დაწესდეს შეზღუდვები 25 წლამდე ასაკის პირებში, ასევე ონლაინრეჟიმში თამაშის მსურველების დარეგისტრირება გაკონტროლდეს შესაბამისი სამსახურების მიერ, რათა მასში ვერ შეძლონ ჩართვა არასრულწლოვნებმა – ეს ის ძირითადი მოთხოვნებია, რომლებიც დღეს სამოქალაქო მოძრაობამ გააჟღერა.
აზარტული თამაშების შესახებ კანონი გასამკაცრებელია და შეზღუდვები უნდა დაწესდეს – ამაზე თანხმდება როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიცია. ამ ეტაპზე ინიცირებულია ორი კანონპროექტი, მათ შორის ერთ-ერთი დამოუკიდებელი დეპუტატებისაა, მეორე კი მმართველი გუნდიდან ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს დროულად არ განიხილავს და ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, მესამე სექტორის წარმომადგენლები აქციების ჩატარებას და ხმაურიან კამპანიებს გეგმავენ.