მოსკოვში “პატრიოტთა ალიანსთან” თანამშრომლობას მაღალ შეფასებას აძლევენ, თუმცა…

მოსკოვში თემურ ფიფიას ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები როგორც კაზბეკ ტაისაევთან, ისე რუსეთის პარლამენტის დსთ-სა და თანამემამულეების საქმეთა კომიტეტის სხვა წევრებთან, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავებულნი საქართველოს თემატიკით.

ესენი არიან აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარე კალაშნიკოვი და საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოვიკოვი. ცალკე შეხვედრა შედგა ასევე რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერთან, გენადი ზიუგანოვთან.

თემურ ფიფიას ინფორმაციით, დსთ-ს კომიტეტში „პატრიოტებთან“ არსებულ სამუშაო ურთიერთობებს მაღალ შეფასებას აძლევენ. “კალაშნიკოვი ხაზს უსვამს ამ ურთიერთობების მნიშვნელობას. რაც შეეხება ტაისაევს, მასაც კარგი ურთიერთობები გააჩნია „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებთან, რომლებიც მოსკოვში ჩადიან ხოლმე, თუმცა ხაზს უსვამს ფორმატის გაფართოების საჭიროებას. დიალოგი უნდა გასცდეს საპარლამენტო ფორმატს და ფართო საზოგადოებრივი ხასიათი მიიღოს. ჩვენი ინიციატივის მთავარი აზრიც ეს არის – მივაღწიოთ საზოგადოებრიობის ფართო ფენების ჩართულობას რუსეთის საზოგადოებრიობასთან დიალოგში”, – ამბობს ფიფია “ნიუსფრონტთან” საუბარში.