საპატრიარქოში სინოდის წევრები იკრიბებიან, თუმცა მედიასთან კომენტარს არცერთი მათგანი არ აკეთებს.
ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოს სხდომა 12:00 საათზეა დაიწყო. აღნიშნული გადაწყვეტილება უწმინდესმა 2 დღის წინ მიიღო. წმინდა სინოდის სხდომას ყველა წევრი ვერ დაესწრება, მათი ნაწილი საქართველოში არ იმყოფება, ნაწილს კი დიდი ხნის წინ შეხვედრები აქვს ჩანიშნული. სინოდს ვერ დაესწრება ერთ-ერთი გავლენიანი ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას საპატრიარქოსგან საჯაროდ ითხოვს.
გარდა ამისა, ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის, ილია მეორის მიერ პატრიარქის ტახტის შესაძლო დატოვებაზეც, თუმცა ამ ინფორმაციას საპატრიარქო არ ადასტურებს.
განსახილველ საკითხებს შორის, სავარაუდოდ ასევე არის მეუფე იაკობის ბრალდებები, მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება.
გარდა ამისა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ასევე ცნობილი უნდა გახდეს მეუფე კალისტრატეს შემცვლელი, ქუთაის-გაენათის ეპარქიის ახალი მმართველის ვინაობაც. “კურიერის” ინფორმაციით, აღნიშნული ეპარქიის მმართველად პატრიარქი სინოდის წევრებს ორ კანდიდატურას – მეუფე იოანე გამრეკელსა და მეუფე მელქისედეკს წარუდგენს.