სააგენტო “როიტერსი” ერაყის დედაქალაქ ბაღდადიდან იტყობინება, რომ ოქტომბერში დაწყებული მასობრივი სახალხო პროტესტი გრძელდება. ათასობით ადამიანი დღისით მშვიდობიან მსვლელობებს აწყობს, თუმცა შებინდებისას ძალადობის ფაქტები ხშირდება.
დემონსტრანტები უკვე ღამის დადგომის მერე აღარ იშლებიან და პროტესტს აგრძელებენ. პარასკევის ლოცვის შემდეგ ათასობით ადამიანი დაემატა დემონსტრანტების რაოდენობას. დემონსტრაციის შედეგად დღეს 50 კაცი დაშავდა.
დემონსტრანტები ითხოვენ უმუშევრობის, ეკონომიკური სიდუხჭირისა და კორუფციის დაძლევას. ისინი პოლიტიკური ელიტის წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც ქვეყანას 2003 წლის შემდეგ მართავს. ასეთი მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები, როგორც “როიტერსი” ირწმუნება, სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ ერაყში არ ყოფილა.
ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ სცენარი “არაბული გაზაფხულის” რევოლუციის გაგრძელებას ჰგავს. ამერიკელები არ არიან კმაყოფილნი ერაყის მთავრობის პოზიციით, რომელიც სირიის კონფლიქტში უფრო რუსეთისა და ირანის მხარეს იხრება და ხელს არ უწყობს ამერიკის პოლიტიკას. ირანის ხელისუფლებამ უკვე გამოთქვა შეშფოთება ერაყში, ასევე ლიბანში მიმდინარე ანალოგიური პროტესტების გამო. ამერიკელების მიზანია, ახლო აღმოსავლეთი მუდმივი დესტაბილიზაციის ვითარებაში ამყოფონ – დარწმუნებულია ოფიციალური თეირანი.