პრაგმატულია სომეხი ჩინოვნიკების გეგმები, რომლებსაც საქართველოს მნიშვნელობა სომხეთის ეკონომიკის განვითარებისთვის კარგად ესმით. სამწუხაროდ, საქართველო ყველა მეზობელს და არამეზობელს მხოლოდ როგორც სატრანზიტო ტერიტორია, ისე აინტერესებს.
სომხეთის ქალაქმშენებლობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვაჰგნ ვერმიშიანმა განაცხადა, რომ ამჟამინდელი ტრასა ერევნიდან თბილისამდე “რთული მონაკვეთია”. დღესდღეობით თბილისიდან ერევნამდე მსუბუქი ავტომანქანით მგზავრობას დაახლოებით 4,5 ან 5 (საზღვრის გავლის გათვალისწინებით) საათი სჭირდება. ვერმიშიანის თქმით კი, ახალი პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ორი ქვეყნის დედაქალაქები ერთმანეთს 2 საათის სავალი გზით დაუკავშირდებიან.
ვერმიშიანმა “სპუტნიკ-არმენიასთან” საუბარში ხაზი გაუსვა ირან-საქართველოს შორის ჩქაროსნული რკინიგზის მშენებლობის პროექტსაც და აღნიშნა, რომ სომხეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რათა ამ რკინიგზამ არა თურქეთის გავლით ჩააღწიოს საქართველოში, არამედ სომხეთის ტერიტორიის გავლით.