თურქეთში საზოგადოების იშვიათი კონსოლიდაცია შეინიშნება სირიაში სამხედრო ოპერაციის გარშემო. ცხადი ხდება, რომ პრეზიდენტ ერდოღანს ეს ოპერაცია არა იმდენად საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკისთვის დასჭირდა.
ამ კონსოლიდაციასთან დაკავშირებით თურქეთში არსებულ ვითარებას ანალიტიკური გერმანული ფრიდრიხ ებერტის ფონდის საინფორმაციო-ანალიტიკური ონლაინ-რესურსი IPG გამოეხმაურა.
გერმანელი ანალიტიკოსების აზრით, პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელმაც 2018 წლის ზაფხულში თავისი რამდენიმე “ტვიტით” თურქეთის საფინანსო სისტემის კრიზისი გამოიწვია, განაპირობა მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დარწმუნებულობა თავიანთი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მსოფლიო შეთქმულების არსებობაში.
ამასთან, ბევრ თურქს რჩება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთი არ ემიჯნება თურქული სახელმწიფოსათვის მიუღებელ “ქურთისტანის მუშათა პარტიას”. თურქები, ადევნებენ რა თვალს დასავლურ მასმედიას, ხედავენ, რომ დასავლეთი მეტი სიმპატიით არის განწყობილი ქურთებისადმი. ესეც ამყარებს მათში დასავლეთის მიუღებლობას.
დასავლეთის მიერ შემოღებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა, ასევე გერმანული ავტოგიგანტის, “ფოლკსვაგენის” მიერ იზმირის მახლობლად ქარხნის მშენებლობის გეგმაზე უარის თქმამ არა თუ რაიმე ეფექტი იქონიეს, არამედ პირიქით, კიდევ უფრო გააძლიერეს თურქებში ნარატივი, რომ ქვეყანა ყოველი მხრიდან მტრებით არის გარშემორტყმული.
თურქეთის უდიდესი ოპოზიციური რესპუბლიკური პარტია ამ ნარატივთან ბრძოლას არ აწარმოებს. თუმცა ამ პარტიის თავმჯდომარე ყილიჩდაროღლუ ერდოღანის პოლიტიკას სირიის მიმართ აკრიტიკებს და უკვე დიდი ხანია, ითხოვს ბაშარ ასადთან დიალოგის განახლებას, მაგრამ ისიც აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნევს სირიაში ანტიტერორისტული სამხედრო ოპერაციის ჩატარებას – აღნიშნულია IPG -ის ანალიტიკაში.
“ღრმად გახლეჩილი თურქული საზოგადოება ამჟამად უჩვეულოდ შეკრულია: ფეხბურთელები სამხედრო სალამს იძლევიან საერთაშორისო თამაშებში, პოპ-ვარსკვლავები თავიანთ სოლიდარობას გამოხატავენ. თვით ქრისტიანულმა და იუდეურმა თემებმა ჩაატარეს საერთო ლოცვა სირიაში მებრძოლი თურქი ჯარისკაცებისთვის – ‘ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი ჯარისკაცებისთვის და მხარს ვუჭერთ მათ’ – ამბობს იუსუფ ჩეტინი, სირიის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი სტამბულში. ბოლო წლების მანძილზე სირიაში შეჭრამ ყველაზე ნაკლები აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია” – წერენ გერმანელი ავტორები.
თურქული საზოგადოების ეს კონცენტრირებულობა სირიის თემაზე, ერთი მხრივ, კარგია საქართველოსათვის, რადგან მათი ყურადღება ჩვენგან შედარებით შორს მდებარე რეგიონზეა გადატანილი და თურქეთს ბევრი რესურსი ეხარჯება სირიის მიმართულებით. მაგრამ, თურქული ნაციონალიზმის გაძლიერება სტრატეგიულად ზრდის საფრთხეებს საქართველოსთვის, მით უფრო, რომ ბათუმს და აჭარას თურქეთში, არაოფიციალურად, მაგრამ მენტალურად, “თავისად” მიიჩნევენ და ეს საიდუმლოებას დიდი ხანია, არ წარმოადგენს. თურქეთის ელჩის და კონსულის განცხადებები ამ ფაქტს ვერ დამალავს. // “ნიუსფრონტი”