აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი რუსული შეიარაღების უპირატესობას უჩივის

ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში კლარკ კუპერმა ძალიან საყურადღებო განცხადებები გააკეთა. ფაქტობრივად, მან აღიარა რუსული შეიარაღებების, კერძოდ, საზენიტო-სარაკეტო კომპლექს “ს-400”-ის უპირატესობა ამერიკული ანალოგის წინაშე.

თუმცა კუპერს, რასაკვირველია, ამის გამჟღავნება არ უნდოდა, ეს უნებურად გამოუვიდა. უფრო კონკრეტულად – ამერიკელმა ჩინოვნიკმა გამოხატა აზრი, თითქოს რუსეთი თავის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს სხვა სახელმწიფოებს თავს ახვევს ისე, რომ იზღუდება ამერიკის შესაძლებლობა, ამ ქვეყნებს უფრო “მოწინავე შეიარაღებები” მიაწოდოს. კუპერს არ დაუსახელებია, თუ რა შეიარაღებებს გულისხმობს, თუმცა ძალიან უცნაურად გამოუვიდა – როგორ უნდა მოახვიოს რუსეთმა საკუთარი სისტემები უცხო სახელმწიფოებს, თუკი ეს სისტემები არ სჯობიან ამერიკულს?

რუსულმა პრესამ ყურადღება მიაქცია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ ფორმულირებას, რომელიც, ფაქტობრივად, რუსული შეიარაღების უპირატესობას აღიარებს და მას ფასდაუდებელ რეკლამას უწევს:

“დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ავტომატური იარაღი АК-47 აზიისა და აფრიკის რევოლუციური მოძრაობების უნივერსალურ სიმბოლოდ იქცა. დღეს რუსეთი ბეჯითად მუშაობს იმაზე, რომ თავისი საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400-ის სხვადასხვა ვარიანტი თავს მოახვიოს მთელ მსოფლიოს” – განაცხადა კუპერმა, რაზეც რუსი ჟურნალისტები პასუხობენ, რომ კუპერმა “კალაშნიკოვის” ავტომატთან შედარების გაკეთებით, ფასდაუდებელი რეკლამა გაუწია რუსულ რაკეტებს:

“АК-47 არა მხოლოდ რევოლუციური მოძრაობების სიმბოლო, არამედ ამერიკელი იარაღის მწარმოებლებისთვის მიუღწეველი ხარისხის სასროლი იარაღია, რომელიც გამოირჩევა საიმედოობით, მოხმარებაში უბრალოებით, ეფექტურობით, დამზადების ტექნოლოგიურობითა და დაბალი თვითღირებულებით. კალაშნიკოვის ავტომატის ძლიერი მხარეები ამ ჩამონათვალით არ ამოიწურება” – აღნიშნულია “სვობოდნაია პრესის” პუბლიკაციაში.