გერმანელმა მკვლევარმა იურგენ გერბერმა, გერმანიაში, ბადენ-ბადენში, 1997 წელს გამოსცა თავისი კვლევა “საქართველო: ეროვნული ოპოზიცია და კომუნისტური ხელისუფლება 1956 წლიდან” (Georgien: Nationale Opposition und Kommunistische Herrschaft seit 1956. Nomos Verlag, Baden-Baden 1997). რუსული ენის მცოდნე ავტორმა შეისწავლა საბჭოთა პერიოდის არქივები თბილისსა და მოსკოვში, ინტერვიუები აიღო სხვადასხვა ცოცხალი პირველწყაროებისაგან და თავისი კვლევა მაღალ მეცნიერულ დონეზე განახორციელა.
ავტორი საინტერესო სტატისტიკა მოაქვს, რაც ილია მეორის ყველა მტერს უნდა წავაკითხოთ (გვ. 110-111): “საქართველოში ილია მეორის პატრიარქად აღსაყდრებამდე სულ 50 მოქმედი ტაძარი იყო, ხოლო 15 საეპისკოპოსოდან 7-ში ეპისკოპოსი არ იყო ხელთდასმული. ილია მეორეს სულ ორიოდე წელიწადი დასჭირდა იმისათვის, რომ 50 მოქმედ ტაძარს კიდევ 150 ტაძარი დამატებოდა (!) , ასევე თხუთმეტივე საეპისკოპოსო შეივსო ეპისკოპოსებით”.
“საპატრიარქოს მდგომარეობა გაძლიერდა ორი ახალი განყოფილების შექმნით – საგარეო საქმეებისა, ერთი და, მეორე, სამშენებლო საკითხების განყოფილება, რომელსაც საეკლესიო ნაგებობების რესტავრაცია დაევალა და დიდძალი ფინანსური სახსრებით აღიჭურვა. საეკლესიო კალენდართან ერთად, პირველად, 1978 წლიდან, გამოიცა ჟურნალი “ჯვარი ვაზისა”, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო. ილია მეორის განკარგულებით მოხდა ძველი და ახალი აღთქმის ახალ ქართულზე თარგმნა, ბიბლია ნაწილობრივ საეკლესიო კალენდრების საშუალებით გამოიცა. მცხეთის სასულიერო სემინარიაში 1979 წლიდან, მანამდე არნახული მსმენელების რაოდენობა მოვიდა. სახელმწიფოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებით, ეკლესიამ თავისი თვითმყოფადობა განიმტკიცა და მრევლის მომრავლება უზრუნველჰყო” – წერია გერბერის ნაშრომში.
გერმანელი ავტორი აღნიშნავს, რომ ილია მეორემ საბჭოთა სახელმწიფოსთან და კომუნისტურ პარტიასთან ეკლესიის ავტორიტეტი აამაღლა და ათეისტურმა სახელმწიფომაც ეკლესიაზე ზეწოლა შეასუსტა. მეტიც, გერბერი ასაბუთებს, რომ საქართველოს კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობამ ხელი შეუწყო ეკლესიას, თავისი პოზიციები საერთაშორისო არენაზე გაემყარებინა მსოფლიო საეკლესიო საბჭოში გაწევრიანების გზით. ილია მეორე 1979 წელს არჩეულ იქნა მსოფლიო საეკლესიო საბჭოს ექვს თავმჯდომარეს შორის ერთ-ერთად.
გერმანელი ავტორისგან დამოუკიდებლად “ნიუსფრონტის” რედაქცია დასძენს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ეკლესიისათვის მსოფლიო საეკლესიო საბჭოში და ეკუმენისტურ მოძრაობაში რაიმე ფორმით ყოფნა მიუღებელი გახდა და პატრიარქმაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო წმ. სინოდთან შეთანხმებით.
ასევე აღსანიშნავია, რომ დღევანდელ საქართველოში ბევრს დაავიწყდა, რა მაჩვენებლები ჰქონდა ხრუშჩოვის დროიდან მოყოლებული, შევიწროებულ ეკლესიას ილია მეორის მოსვლამდე, რომელმაც უკვე 1980-იან წლებში, ჯერ კიდევ საბჭოთა დროს, გამოაცოცხლა საეკლესიო ცხოვრება – მიუხედავად არსებული პრობლემებისა (კორუფცია და ცალკეული ამორალური მღვდელმთავრები), რაზეც იმჟამინდელი დისიდენტები, პირველ რიგში, ზვიად გამსახურდია, მიუთითებდნენ “სამიზდატში”. 1990-იან წლებში ერთბაშად აღორძინდა რწმენა და საეკლესიო ცხოვრება – ერთადერთი სფერო, რომელიც ამ წლების კრიზისის და დაცემის საპირისპირო ლოგიკით ვითარდებოდა, ვიდრე ამ ყველაფერს სააკაშვილმა არ დაუპირისპირა თავისი შეფარვით დესტრუქციული ანტისაეკლესიო პოლიტიკა.
დღეს საქართველო შოკშია: უზარმაზარი ღვაწლის მქონე პატრიარქს სააკაშვილის ნარჩენებმა ეკლესიაში ცილი დასწამეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. მაგრამ ღვთის მადლით, ილია მეორის მესაჭეობით, ჩვენი ეკლესია ამ რთულ პერიოდსაც გადალახავს.