პატრიარქის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას:
ა.წ. 3 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქ-ნ ეკატერინა ხვედელიძეს უმასპინძლა.
ბ-ნი ბიძინა შეეხო ბოლო დროს მომხდარ ხმაურიან მოვლენებს, რაც ცნობილ უპასუხისმგებლო ბრალდებებს მოჰყვა და საზოგადოებაში დიდი შფოთი გამოიწვია. ითქვა ისიც, რომ მსგავსი ქმედებები არ არის მხოლოდ ეკლესიის მიმართ შეტევა, არამედ მიმართულია ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ.
მისმა უწმინდესობამ თავის მხრივ ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე მდგარ სხვა გამოწვევებზეც და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა ბ-ნ ბიძინას და ქ-ნ ეკატერინას სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და დალოცა.
“ნიუსფრონტი” შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს წმ. სინოდის სხდომაზე პეტრე ცაავას მიერ მოწყობილი პროვოკაციის შემდეგ, ეკლესიამ და სრულიად საქართველომ დაგმეს პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და შეურაცხყოფები. ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილი პატრიარქს იმ დღესვე ეწვია, ხოლო პრემიერმინისტრი გიორგი გახარია – თურქეთიდან დაბრუნებისთანავე. დღეს, კვირას, სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებაზე უამრავი ხალხი მივიდა და პატრიარქისადმი მხარდაჭერა ემოციურად გამოხატა. ამ ყველაფრის შემდეგ, პატრიარქი ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილმაც მოინახულა. ვითარება გარკვეულია, ეკლესიაში გადატრიალება და განხეთქილება არ შედგა.