დღევანდელ საკვირაო ღვთისმსახურებას თბილისის სამების საკათედრო ტაძარში პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა და პატრიარქმა ილია მეორემ ეს მომენტი შესანიშნავად გამოიყენა ერის და ეკლესიის ერთიანობის შესანარჩუნებლად.
გარდა იმისა, რომ ტაძარში ხალხის ტევა არ იყო, პატრიარქი, მისი და ეკლესიის მტრებისთვის მოულოდნელად, ძალზე მხნედ გამოიყურებოდა და მისი ხმა ჩვეულებრივზე უფრო მშვიდად და მკაფიოდ ჟღერდა.
“ჩვენთან არს ღმერთი. მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას, ამაშია ძალა ქართველი ერისა. გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ დღეს სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი. მთელ საქართველოში, ეს მოგცემთ მადლს და წყალობას. დალოცვილი იყავით მადლობელი ვარ თანადგომისთვის. თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგელებმაც, მუსულმანებმა და სხვებმა. გაიხარეთ, ჩვენთან არს ღმერთი”,- ბრძანა პატრიარქმა.
წირვა-ლოცვის შემდეგ ტაძრიდან გამობრძანებული პატრიარქი ხალხმა ტაშითა და ოვაციებით გააცილა.