დღეს დეპუტატები ნინო ქადაგიძეს მოუსმენენ

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენა გრძელდება. პარლამენტში, იურიდიულ კომიტეტში დღეს რიგით მე–16 კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს მოუსმენენ. დეპუტატებს კითხვები, კანდიდატის კომპეტენციასა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით ექნებათ.

ოპოზიცია მიმდინარე პროცესებს ნეგატიურად  უყურებს და სასამართლო სისტემაში არსებულ ე.წ. კლანურ მმართველობაზე აკეთებს აქცენტს.

“ამ ოცეულში ის ხუთეულია, რომელიც პირველად წარმოადგინეს, ასე ვთქვათ “კლანის” ნამდვილი წევრები. მნიშვნელობა არ აქვს დღეს ივანიშვილისათვის ამ ოციდან 15 გავა თუ 10. მისთვის მთავარი არის ის რამდენიმე ადამიანი, რომელიც შემდეგ მოახდენს ზემოქმედებას სასამართლოზე. სულ მცირე 10-12 რომ გავა, მათ შორის თადუმაძე და მისი მოადგილე ეჭვი არავის არ უნდა გვეპარებოდეს,” – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ.

უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ პროცესი უპრეცენდენტოა.

“უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის პოზიცია ეს გახლავთ ის მოცემულება, როდესაც არამხოლოდ პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება არის აუცილებელი კრიტერიუმები, არამედ ყველა მხრიდან უნდა შემოწმდნენ ისინი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანია ისეთი, ვინც ამ ტესტს გაუძლებს,” – აღნიშნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენა კვირის ბოლოს დასრულდება.