არასრულწლოვანი გოგონას თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის სამი პირია დაკავებული

პოლიციამ არასრულწლოვანი  გოგონას თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სამი პირი დააკავა

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროდან   იტყობინებიან, უწყების აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული სამი პირი – მ.ც. თ.ჯ. და ნ.ი. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ც.-მ, ორ თანამზრახველთან – თ.ჯ.-სა და ნ.ი.-სთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2003 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს და ავტომანქანით წალკის მიმართულებით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გავლით წაიყვანა.

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა..

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.