ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ურჩევს, კონსტიტუცია წაიკითხონ

იუსტიციის საბჭოს იმ მოსამართლე წევრებზე, რომლებიც გამაოგნებელ განცხადებებს აკეთებენ, არ მაქვს მაღალი წარმოდგენა, რომ ისინი კარგად ერკვევიან კანონებში,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ანა დოლიძის გაწვევის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ურჩია, რომ პირველ რიგში კონსტიტუცია წაიკითხონ, რომლის მიხედვით, პრეზიდენტს საბჭოში მის მიერ წარდგენილი წევრის გამოწვევის უფლება არ აქვს. დეპუტატი კანონის იმ ჩანაწერს, რომელიც პრეზიდენტს ამის უფლებას აძლევს, წინააღმდეგობრივ ნორმად აფასებს.

“პრეზიდენტს კონსტიტუციაში არ უწერია თავისი წარდგენილი კანდიდატის უკან გამოწვევა, კანონში რომ ეს წერია, არ ნიშნავს რომ კონსტიტუციით ამის უფლება პრეზიდენტს აქვს. ამიტომ ეს არის წინააღმდეგობრივი ნორმა, რაც არის კანონში და იუსტიციის საბჭოს წევრები კონსტიტუციას უნდა კითხულობდნენ ჯერ, რადგან ის არის ქვეყნის ძირითადი კანონი და იქიდან უნდა გამომდინარეობდეს სხვა კანონები, ამიტომ ვერაფერი დაემატება იმ უფლებამოსილებას, რაც კონსტიტუციაში ჩაწერილი არ არის. არ გამოვრიცხავ, რომ სურვილი იმდენად დიდია წაიკითხონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ჩანაწერი ისე, როგორც სურთ. იუსტიციის საბჭოს იმ მოსამართლე წევრებზე, რომლებიც გამაოგნებელ განცხადებებს აკეთებენ, არ მაქვს მაღალი წარმოდგენა, რომ ისინი კარგად ერკვევიან კანონებში. არც იმაზე მაქვს მაღალი წარმოდგენა, რომ კითხულობენ და სწორად ესმით კანონის შინაარსი. იუსტიციის საბჭოს იმ წევრების შეფასება, რომლებმაც გადააბიჯეს ყველა წითელ ხაზს და იქცევიან ისე, რომ შეურაცხყოფს საბჭოს რეპუტაციას, აზრს მოკლებულად მიმაჩნია,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.